skip to content
ახალი ამბები

ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტი წარადგინა, ცვლილებების გარეშე

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა 18 ნოემბერს მთავრობის არსებული შემადგენლობა წარადგინა, რომელიც მიმდინარე კვირას პარლამენტის წინაშე წარდგება დასამტკიცებლად.

18 ნოემბერს კოალიცია ქართული ოცნების თბილისის ცენტრალურ ოფისში მოქმედი მინისტრების გვერდით მდგარმა მომავალმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ყველა ის მინისტრი, რომელმაც 2012 წლის ოქტომბერში დაიკავა პოსტი ივანიშვილის მთავრობაში, მის მთავრობაშიც შეინარჩუნებს თანამდებობას.

31 წლის ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც 2012 წლის ოქტომბრიდან შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, თვის დასაწყისში 28 წლის თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსი ალექსანდრე ჭიკაიძე თავის შემცვლელად დაასახელა მინისტრის პოსტზე.

„მე ერთი წელი ვიყავი ამ გუნდის წევრი“, – განაცახდა ღარიბაშვილმა 18 ნოემბერს, „ისინი მუშაობაში მყავს გამოცდილი“.

„შარშან ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თავის გარშემო შემოიკრიბა ადამიანები, რომლებიც თავიანთი პატიოსნებით, პასუხისმგებლობის გრძნობითა და პროფესიონალიზმით გამოირჩევიან“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ეს მთავრობა „შეიძლება ითქვას, რომ აქამდე მოვიდა მნიშვნელოვანი შეცდომების და გადაცდომების გარეშე“.

„როგორც ბატონი ბიძინა ბრძანებს, ეს არის ნამდვილად ევროპული გუნდი. ჩვენმა მინისტრებმა ამ ერთი წლის განმავლობაში დაამტკიცეს, რომ მზად არიან ემსახურონ თავიანთ ხალხსა და ქვეყანას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა, „სწორედ ამიტომ მე უცვლელად გთავაზობთ მთავრობის მთელ შემადგენლობას“.

მანამდე, 18 ნოემბერს პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა.

ქართული ოცნების დეპუტატების თქმით, საპარლამენტო კომიტეტები წარდგენილ მთავრობაზე მოსმენებს 19 ნოემბერს დაიწყებენ, ხოლო პარლამენტის სხდომა მთავრობის საკითხს 20 ნოემბერს განიხილავს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button