skip to content
ახალი ამბები

საპარლამენტო მოსმენები მომავალ პრემიერ-მინისტრზე მიმდინარე კვირას იგეგმება

მომავალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავის მთავრობას სავარაუდოდ დღეს მოგვიანებით წარადგენს, კოალიცია ქართული ოცნების ლიდერებთან და დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ.

დღემდე ერთადერთი საჯაროდ გამოცხადებული ცვლილება მოქმედ მთავრობაში გულისხმობს თბილისის პოლიციის სამმართველოს 28 წლის ხელმძღვანელის ალექსანდრე ჭიკაიძის დანიშვნას შინაგან საქმეთა მინისტრად, რომელიც ამ პოსტზე ღარიბაშვილს შეცვლის. მომავალმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა ცოტა ხნის წინ, რომ ის მთავრობაში ძირეულ ცვლილებებს არ გეგმავს.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა კვირას ინაუგურაციის შემდეგ პირველ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლითაც პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და მთავრობის დანარჩენ შემადგენლობას ახალი მთავრობის დამტკიცებამდე მოვალეობის შესრულება დააკისრა.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისა და მთავრობის შესახებ საკომიტეტი მოსმენები 19 ნოემბერს დაიწყება; მისი თქმით, მოსმენები 20 ნოემბერს პარლამენტის სხდომაზე გაგრძელდება, რის შემდეგაც კენჭისყრა გაიმართება.

ახალი კონსტიტუცია 17 ნოემბრის პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევიდა ძალაში, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად შემცირდა პრეზიდენტის უფლებამოსილებები პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებების გაზრდის ხარჯზე. ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლას მოყვა მოქმედი მთავრობის გადადგომა და მისი წევრები ახლა მინისტრების მოვალეობის შემსრულებლები არიან.

თვის დასაწყისში მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება. ღარიბაშვილმა კბილაშვილის შემცვლელად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი, ოთარ ფარცხალაძე დაასახელა.

გავრცელებული ინფორმაციით, ასევე მოსალოდნელია გაერთიანებული შტაბის უფროსის, პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძის ჩანაცვლებაც. ახალი კონსტიტუციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსს პრეზიდენტი ნიშნავს, მაგრამ მხოლოდ მთავრობასთან შეთანხმებით. ძნელაძე ამ პოსტზე 2012 წლის დეკემბერში დაინიშნა და მისი კანდიდატურა იყო კომპრომისული შეთანხმება პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელსაც წინა კონსტიტუციით გენშტაბის უფროსის დანიშვნის უფლება ჰქონდა მთავრობასთან შეთანხმების გარეშე, და თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას შორის. ეს უკანასკნელი გენშტაბის უფროსის პოსტზე ბრიგადის გენერალს ვახტანგ კაპანაძეს უჭერდა მხარს, რომელიც ამჟამად გენშტაბის უფროსის მოადგილეა. გენშტაბის უფროსის შეცვლის შემთხვევაში, ამ პოსტზე სავარაუდოდ კაპანაძე დაწინაურდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button