skip to content
ახალი ამბები

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი საქართველოს შესახებ საუბრობს

არსებობს შეშფოთება იმის თაობაზე, თუ როგორ ექცევიან პოლიტიკურ ოპონენტებს საქართველოში, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებასთან კანონის უზენაესობის საკითხის ინტენსიურად წამოწევამ და იმ ფაქტორმა, რომ აშშ და ევროკავშირი განაგრძობს ამ მოვლენებზე თვალყურის დევნებას, „სერიოზული შედეგი“ გამოიღო და „ზოგიერთმა ამ წუხილმა უკვე შესუსტებაც დაიწყო“, განაცხადა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ვიქტორია ნულანდმა.

მან ეს განცხადება აშშ–ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპულ საკითხთა ქვეკომიტეტში გააკეთა, რომელმაც 14 ნოემბერს მოსმენა გამართა აშშ–ის პოლიტიკის თაობაზე თვის ბოლოს დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტის კონტექსტში.

თავის შესავალ სიტყვაში ნულანდმა საქართველოში 2012 წლის საპარლამენტო და 2013 საპრეზიდენტო  „ნამდვილად კონკურენტული“ არჩევნების შედეგად ხელისუფლების პირველი მშვიდობიანი და დემოკრატიული გადაცემის მნიშვნელობა აღნიშნა, რაც მისი თქმით, „მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია“.

„თუმცა, მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევები კვლავ რჩება, როგორიცაა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ორ რეგიონში არსებული მოუგვარებელი კონფლიქტები; ადამიანთა გაჭიანურებული დევნილობა; მყიფე დემოკრატიული ინსტიტუტები; კანონის უზენაესობის შემდგომი განმტკიცების საჭიროება და ეკონომიკა, რასაც დამატებითი ყურადღება სჭირდება“, – განაცხადა ნულანდმა, რომელიც სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პოსტზე 2013 წლის სექტემბერში დაინიშნა. 

მან განაცხადა, რომ ვილნიუსის სამიტი „ისტორიული მომენტი“ იქნება საქართველოსთვის, მოლდოვისა და უკრაინისთვის, ვინაიდან ევროკავშირის წევრები მიიღებენ გადაწყვეტილებას მოაწერონ თუ არა ხელი ასოცირების შესახებ შეთანხმებას უკრაინასთან და მოახდინონ თუ არა ანალოგიური შეთანხმებების პარაფირება საქართველოსა და მოლდოვასთან. ნულანდმა განაცხადა, რომ საქართველომ და მოლდოვამ შეასრულეს მოთხოვნები ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებების პარაფირებისთვის.

მოსმენაზე დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა და რესპუბლიკელმა სენატორმა ჯეიმს რიშმა ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების საკითხი წამოწიეს.

„ჩვენ განსხვავებული ინფორმაციები მოგვდის იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მშვიდობიანად მიმდინარეობს ეს ტრანზიცია“, – განაცხადა სენატორმა რიშმა, „ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული შეშფოთება მისი განხორციელების პროცესში და ამ შეშფოთების ნაწილი, რა თქმა უნდა, უკავშირდება პოლიტიკურ დევნას, რომელიც, რასაც ჩვენ [სენატორ შაჰინთან ერთად] ხაზი გავუსვით, არ არის სწორი გზა საქმის გასაკეთებლად“.

ნულანდმა უპასუხა: „ვიზიარებთ თქვენს შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ექცევიან ყოფილ ლიდერებს. ჩვენ საქართველოს მთავრობასთან ხაზი გავუსვით, რომ მნიშვნელოვანია გამოძიების და სამართალწარმოების განხორციელება შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების სრული პატივისცემით და გამჭირვალე გზით, და ასევე პროკურატურის ქმედებებზე რაიმე პოლიტიკური გავლენის თავიდან აცილება“.

მან განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან ამ საკითხის დაყენება იმ დროს, როდესაც მათ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება სურთ, „ძლიერი ბერკეტია ამ დიალოგში, რათა შევახსენოთ მათ, რომ არა მხოლოდ ევროკავშირი, არამედ აშშ–ც აკვირდება იმას, თუ როგორ ექცევიან ისინი პოლიტიკურ ოპონენტებს“.

სენატორმა შაჰინმა იკითხა, თუ რა ტიპის ძალისხმევას შეიძლება მიმართოს შეერთებულმა შტატებმა კანონის უზენაესობაზე ყურადღების გასამახვილებლად, ოპოზიციური პოლიტიკოსების დაკავების საკითხის მოსაგვარებლად და ასევე საქართველოში შემდგომი პოზიტიური ძვრების ხელშეწყობისთვის. 

ნულანდმა უპასუხა, რომ აშშ–ის მიერ საქართველოსთვის წელს გამოყოფილი 70 მილიონიანი დახმარების დაახლოებით მესამედი იმ პროგრამებს მოხმარდა, რომლებიც კარგი მმართველობის, სასამართლო სისტემის და კანონის უზენაესობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

„იმ ფაქტმა, რომ ჩვენ ინტენსიურ დიალოგს ვაწარმოებთ მათთან, ის ფაქტი, რომ მათ იციან, რომ თქვენ აკვირდებით, თუ როგორ ექცევიან პოლიტიკურ ოპონენტებს, და რომ ჩვენ და ევროკავშირი [ვაკვირდებით], სერიოზული შედეგი გამოიღო და ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ ზოგიერთმა ამ წუხილმა უკვე შესუსტებაც დაიწყო ბოლო თვეებში“, – განაცხადა ნულანდმა.

სენატორ შაჰინის კითხვაზე რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით, ნულანდმა რუსი სამხედროების მიერ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ღობეების აღმართვაზე მიუთითა და განაცხადა, რომ ეს რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევაა.

მისი თქმით, ერთი ნათელი წერტილი აქ ის არის, რომ მას შემდეგ, რაც საქართველო დაასრულებს ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მუშაობას და მას შემდეგ, რაც საქართველოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი ექნება, სეპარატისტული რეგიონების მოსახლეობისთვის „ბევრად უფრო მიმზიდველი გახდება“ ქართული პასპორტების აღება.

„ვფიქრობ, სტატუს კვოს შესაცვლელად ყველაზე დამაჯერებელი ძალა იქნება თავად ამ ტერიტორიების მოსახლეობა და ის არჩევანი, რომელიც მათ უნდა გააკეთონ და ჩვენ ვიმედოვნებთ და ველით, რომ ეს ასოცირება ევროკავშირთან შეცვლის მათთვის პერსპექტივებს, შეცვლის მათ მსოფლმხედველობას, ისინი როგორც საქართველოს მოქალაქეები რეალურ სარგებელს დაინახავენ და მათ თავად მოუნდებათ ცვლილებები“, – განაცხადა ნულანდმა და დასძინა, რომ აშშ კვლავაც აქტიურად იმუშავებს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button