skip to content
ახალი ამბები

ნარმანიამ კონფლიქტისპირა სოფლებში პროექტებთან დაკავშირებით დეპუტატებს ანგარიში ჩააბარა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ 15 ნოემბერს დეპუტატებს იმ პროექტების მიმდინარეობა გააცნო, რომელიც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე ხორციელდება და განაცხადა, რომ მომავალ წელს ამ მიზნით მთავრობა მინიმუმ 40 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს.

ოქტომბერში, იმ ფონზე როდესაც რუსეთმა მავთულხლართებით და სხვა გამყოფი ბარიერებით ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ე.წ. საზღვრის მოწყობის პროცესი გაააქტიურა, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისია შეიქმნა, რომელსაც დავით ნარმანია რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან პაატა ზაქარეიშვილთან ერთად თანათავმჯდომარეობს.

სამთავრობო კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში დავით ნარმანიამ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიის, საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, დიასპორისა  და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე 15 ნოემბერს წარადგინა.

მან განუცხადა დეპუტატებს, რომ კომისიის შექმნამდეც ცალკეული სამინისტროები ინდივიდუალურ რეჟიმში მუშაობდნენ გამყოფ ხაზებთან მდებარე სოფლებში არსებული მდგომარეობის შესწავლაზე და რეაგირებაზე. ამ კუთხით მან დაასახელა შიდა ქართლში სამი დაახლოებით 10 კილომეტრიანი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია, ასევე ოთხ სოფელში წყლის ჭაბურღილების მოწყობა წყლით მომარაგების იმ პრობლემის მოსაგვარებლად, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას „ბოლო 20 წლის განმავლობაში აწუხებს“ და ორ სოფელში სარწყავი სისტემების მოწესრიგება.

მისი თქმით, სამთავრობო კომისიის შექმნის შემდეგ პირველ რიგში აქცენტი ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების განსაზღვრაზე გაკეთდა და იმასთან ერთად, რომ ამ საჭიროებების შესახებ ინფორმაციამ კომისიაში სხვადასხვა წყაროებიდან – ადგილობრივი თვითმმართველობებიდან, პარლამენტიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მოიყარა თავი, კომისიამ შესაბამისი ინფორმაცია ასევე მოიპოვა ადგილზე „ყველა სოფელში“ სტუმრობის გზით აღმოსავლეთ საქართველოში კასპის, გორის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტებში, ხოლო დასავლეთ საქართველოში ზუდიდისა და წალენჯიხის რაიონებში, ასევე საჩხერის მუნიციპალიტეტში, რომელიც ასევე ესაზღვრება სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონს. 

„შეხვედრები გვქონდა თემების მიხედვით და თემში იკრიბებოდნენ გარშემო 3-4 სოფლის მოსახლეობა. 10-მდე ასეთი შეხვედრა ჩავატარეთ არა მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოში, არამედ დასავლეთ საქართველოშიც“, – განაცხადა ნარმანიამ და აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც „ყველა ინფორმაცია ადგილებიდან ამოვიღეთ, რაც მანამდე გვქონდა რეაგირება, ამ ყველაფერს გადავხედეთ და გადავახალისეთ“.

სოფლის მეურნეობის კუთხით,  ნარმანიას თქმით, საქართველოში განხორციელებული მასშტაბური პროგრამის ფარგლებში გაზაფხულზე გამყოფი ხაზებთან მდებარე სოფლებშიც დამუშავდა მიწები, ამას გარდა დამატებით მოსახლეობას დაურიგდა მინი ტრაქტორები და სხვა აგრარული აღჭურვილობა; მომავალ წელს კი სოფლის მეურნეობის სამინისტროს 6.7 მლნ ლარის დახარჯვა აქვს დაგეგმილი ადგილობრივი სარწყავი სისტემების მოწესრიგების მიზნით.  

ნარმანიას განცხადებით, კომისიის ფარგლებში დაიწყო 19 ამბულატორიის მშენებლობის პროცესი, საიდანაც 17 რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით აშენდება აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო ორი დასავლეთ საქართველოში მდებარე სოფლებში;  ამბულატორიების აღჭურვაზე კი  ჯანდაცვის სამინისტრო იზრუნებს.

გაზიფიცირების პრობლემის მოგვარებაზე ენერგეტიკის სამინისტრო იზრუნებს, რომელმაც ნარმანიას თქმით, უკვე შეისწავლა 77 სოფელში ამ მხრივ არსებული საჭიროებები; გაზიფიცირების პროექტი, რომელიც ნარმანიას თქმით, უკვე დაწყებულია,  20 მლნ ლარის ღირებულებისაა და გათვლილია 15 830 აბონენტზე.

„ამ სოფლების მოსახლეობას გაზს შევუყვანთ უფასოდ. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია“, – განაცხადა ნარმანიამ და დასძინა, რომ მომდევნო წლის ზაფხულისთვის ყველა სოფელში იქნება გაზი, ისევე როგორც  2014 წლის მეორე კვარტლის ბოლომდე გამყოფი ხაზის მიმდებარე ყველა სოფელში განხორციელდება ინდივიდუალური გამრიცხველიანება.

ამასთან ერთად, მისივე თქმით, წყლის პრობლემის მოსაგვარებლად ხუთი დამატებითი ჭაბურღილის გაკეთება იგეგმება, მათ შორის ორი ასეთი ნაგებობის მოწყობას „ალბათ წელს მოვასწრებთ“.  

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა ნოდარ ტანგიაშვილმა, რომელიც ასევე  იყო მიწვეული სხდომაზე, განუცხადა დეპუტატებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად აქტიური ძალისხმევაა მიმართული იმაზე, რომ აღდგეს როგორც სარწყავი, ისე სასმელი წყლის მიწოდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სათავე ნაგებობებიდან. მისი თქმით, წყლის ინფრასტრუქტურული პროექტების აღდგენისკენ მიმართული მცდელობა ასევე მოიცავს „შერიგების კომპონენტსაც“.

დავით ნარმანიას ინფორმაციით, განათლების მიმართულებით ერთი ახალი სკოლის აშენება და რამდენიმე სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება მომავალი წლისთვის, რისთვისაც დაახლოებით, 1 მლნ ლარი დაიხარჯება. ამასთან ერთად, წელს უკვე მიღებულია გადაწყვეტილება 50 სტუდენტის სწავლის საფასურის სახელმწიფო დაფინანსების თაობაზე, ხოლო მომავალი წლიდან გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მუდმივად მაცხოვრებელ სტუდენტებს დაუფინანსდებათ საბაზისო სწავლის საფასური 2 250 ლარის ოდენობით.

ამასთან ერთად, 10 ათასამდე ოჯახს დამდეგი ზამთრის პერიოდში მიეცემა 200-ლარიანი სათბობით უზრუნველყოფის კომპენსაცია და მათ ეს შეეძლებათ გამოიყენონ სურვილისამებრ შეშის შესაძენად, ელექტროენერგიის ან გაზის გადასახადის დასაფარად, განაცხადა ნარმანიამ.  

მინისტრის ინფორმაციით, პარალელურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები დონორ ორგანიზაციებთან ორი მიმართულებით: პირველი კომპონენტი ეხება იმ „რამდენიმე ოჯახის“ საცხოვრებელი სახლებით ან შესაბამისი კომპენსაციით უზრუნველყოფას, რომლებსაც არანაირი დახმარება არ მიუღიათ ამ კუთხით; ხოლო მეორე კომპონენტი ეხება დაზიანებული სახლების სახურავების აღდგენას. ამ პროექტში მონაწილეობაზე შეთანხმება მიღწეულია გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან (UNHCR), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) და ევროკავშირთან, რომელთა დახმარების პორტფელიც წლის ბოლომდე დაახლოებით 500 ათასი დოლარი იქნება, განაცხადა ნარმანიამ.

ანგარიშის მოსმენის შემდეგ კითხვა-პასუხის რეჟიმი ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების დეპუტატებს შორის დებატებში გადაიზარდა.

დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან ჩიორა თაქთაქიშვილმა გააპროტესტა ის ფაქტი, რომ სამთავრობო კომისიის დასახელებაში „საოკუპაციო ხაზის“ ნაცვლად, ნახსენებია ტერმინი „გამყოფი ხაზი“, რომელსაც, მისი თქმით, ასევე იყენებს რეინტეგრაციის სამინისტრო, რითაც „ამართლებს ოკუპაციას“.

„გამყოფ ხაზზე შევიკრიბეთ დღეს თუ საოკუპაციო ხაზზე [სასაუბროდ]?… მთავრობა მიიჩნევს ამ ტერიტორიებს ოკუპირებულად თუ გაყოფილად?“ – ამ კითხვით მიმართა თაქთაქიშვილმა ხელისუფლების წარმომადგენლებს.

„ოკუპირებულად მივიჩნევთ და მივიჩნევთ, რომ შეიძლებოდა არ ყოფილიყო ოკუპირებული“, – უპასუხა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ, დეპუტატმა ქართული ოცნებიდან გიორგი ვოლსკიმ და დასძინა, რომ არასწორია მიდგომა, რომლითაც „რიტორიკას შეიძლება გადააყოლო პოლიტკური ინტერესი“. 

„ჩვენ არ გავურბივართ იმის ხსენებას, რომ ჩვენი ტერიტორია არის ოკუპირებული“, – განაცხადა ნარმანიამ, „თუმცა ხაზს რა შეიძლება დავარქვათ და მთავრობის განკარგულებას, სადაც წერია გამყოფი ხაზი, ეს ოდნავ არბილებს ამას გამომდინარე იქიდან, რომ ეს კომისია შექმნილი არის არა რაიმე პოლიტიკური თემებისთვის, არამედ წმინდა ყოფითი საქმეების მოგვარების და მოწესრიგებისთვის“.

რეინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელმა ტანგიაშვილმა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს შეახსენა 2010 წელს მათი მმართველობის დროს მიღებული ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმა, სადაც, მისი თქმით, ტერმინი ‘გამყოფი ხაზი’ ძალიან ხშირად არის ნახსენები.

„ეს მთავრობა, რა თქმა უნდა, იყენებს ტერმინს ‘საოკუპაციო ხაზზსაც’“, – განაცხადა მან, „მე ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ, თუ ერთი და იგივე მოვლენას სხვადასხვა სახელს ვუწოდებთ სხვადასხვა ასპექტების ხაზგასასმელად“.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა დაადანაშაულეს ოპონენტები ხელისუფლებიდან, რომ მათი რიტორიკის შერბილებამ, მათ შორის ისეთ ტერმინებზე უარი თქმის გზით, როგორიცაა „მარიონეტული რეჟიმები“, შედეგი ვერ მოიტანა კონფლიქტების მოგვარებაში წინსვლის თვალსაზრისით.

ქართული ოცნების დეპუტატმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ  ვიქტორ დოლიძემ ურჩია ოპონენტებს კონკრეტულ საკითხებზე გადაიტანონ აქცენტი, ვიდრე შეინარჩუნონ ძველი რიტორიკა, რაც მან მოიხსენია, როგორც „ბლა, ბლა ბლა“.

„‘მარიონეტებთან’ რომ ვსხდებით და ვსაუბრობთ რა ვკითხოთ… თქვენ მარიონეტებო გინდათ ამ პროექტების განხორციელება თუ არა? ამას ვეძახი მე  ბლა, ბლა, ბლას“, – განაცხადა დოლიძემ.

დეპუტატმა ჩიორა თაქთაქიშვილმა, სხვა მისი თანაგუნდელების მსგავსად, განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების „შემტევი პოლიტიკის“ დამსახურებაა ის, რომ „დღეს მთელი ცივილიზებული მსოფლიო რუსეთს განიხილავს ოკუპანტად და რუსეთს თხოვს რომ შეასრულოს ვალდებულებები“. 

„ამ შემტევმა პოლიტიკამ, რომელიც ტარდებოდა ბოლო წლების განმავლობაში, უნდა გვახსოვდეს რა შედეგი მოიტანა… ამ შედეგიდან გამომდინარე ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ოკუპაცია იქნება თუ მავთულხლართები, ჩვენი ტერიტორიიდან გაქრეს“, – უპასუხა ოპონენტებს ქართული ოცნების დეპუტატმა თედო ჯაფარიძემ, რომელიც  საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს თავმჯდომარეობს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button