აფხაზ დეპუტატს იმუნიტეტი მოეხსნა
სეპარატისტული აფხაზეთის პარლამენტმა 12 ნოემბერს მიიღო დადგენილება, რომლითაც დეპუტატ ნოდიკ კვიცინიას ხელშეუხებლობის იმუნიტეტი მოეხსნა, რაც საშუალებას აძლევს პროკურატურას მის წინააღმდეგ საქმე აღძრას შარშან რუსი ბიზნესმენის გატაცების და მკვლელობის შეკვეთის საქმეზე, იტყობინება „აფსნიპრესი“.
რუსი ბიზნესმენი სერგეი კლემანტოვიჩი და მისი პარტნიორი ოქსანა სკარედნოვა სოხუმიდან 2012 წლის სექტემებრში გაუჩინარდნენ. 2013 წლის ოქტომბერში აფხაზეთის პროკურატურამ განაცხადა, რომ ორივე მათგანი გაიტაცეს და მოკლეს. მათი გვამები ოჩამჩირის რაიონის ერთ–ერთი სოფელში აღმოაჩინეს. გატაცების და მკვლელობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს და ამას გარდა, პროკურატურამ სთხოვა უზენაეს სასამართლოს, რომ მიეცა მისთვის საშუალება კვიცინიასთვის, რომელსაც ის დანაშაულის დაკვეთაში ადანაშაულებდა, დეპუტატის იმუნიტეტი ჩამოერთვათ.
კვიცინია, რომელიც გალის რაიონიდან იყო არჩეული და რომელიც პარლამენტის სოფლის მეურნეობის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე იყო, უარყოფს ბრალდებებს. იგი აცხადებს, რომ რუს ბიზნესმენს მისთვის ფული ემართა გაგრის რაიონში 2 მილიონ აშშ დოლარად 3.5 ჰექტარი მიწის მიყიდვიდან, რასაც კლემანტოვიჩი ნაწილ–ნაწილ იხდიდა და ამიტომ კვიცინიას არ ჰქონდა მიზეზი, რომ რუსი ბიზნესმენი მოეკლა.
მას შემდეგ, რაც სეპარატისტული რეგიონის უზენაესმა სასამართლომ მწვანე შუქი აუნთო დეპუტატის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის დაწყებას, უკვე ადილობრივ პარლამენტზე იყო დამოკიდებული ჩამოართმევდა თუ არა დეპუტატს იმუნიტეტს.
7 ნოემბერს გამართული დებატების შემდეგ პარლამენტმა ამ საკითხს კენჭი უყარა, თუმცა კვიცინიასთვის იმუნიტეტის ჩამორთმევის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას 2 ხმა დააკლდა. მოგვიანებით იმავე დღეს პარლამენტი ხელახლა შეიკრიბა და დაავალა პროკურატურას დამატებითი ინფორმაცია მიეწოდებინა მიმდინარე გამოძიების შესახებ. მაგრამ 11 ნოემბერს დეპუტატმა კვიცინიამ თავად დააყენა შუამდგომლობა პარლამენტის წინაშე მისთვის დეპუტატის იმუნიტეტის ჩამორთმევის თაობაზე და 12 ნოემბერს პარლამენტმა ამ საკითხს კენჭი უყარა და ის დადებითად გადაწყვიტა. პარლამენტის გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ იმუნიტეტი მოიხსნა პროკურატურის თხოვნის და ასევე თავად დეპუტატის თხოვნის საფუძველზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)