skip to content
ახალი ამბები

აშშ–ის მე–6 ფლოტის ფლაგმანი ბათუმს სტუმრობს



ფოტო USS Mount Whitney-ის ვებ-გვერდიდან 

აშშ-ის მე-6 ფლოტის ფლაგმანი, USS Mount Whitney 11 ნოემბერს "გეგმიური ვიზიტით" ბათუმის პორტს ეწვია, რომლის დროსაც საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთობლივი წვრთნებს გამართავს, განაცხადა აშშ–ის საელჩომ თბილისში.

ქართული მხარის თანახმად, 12 ნოემბერს გემზე დაგეგმილია ერთობლივ ხანძარსაწინააღმდეგო წვრთნები, ასევე  სწავლებები საზღვაო ოპერაციების მართვის და ინფორმაციის გაცვლის ცენტრის შესახებ. გემი ბათუმს 13 ნოემბერს დატოვებს.

ბოლოს ეს ამერიკული სამეთაურო ხომალდი შავ ზღვაში ხუთი წლის წინ შემოვიდა, როდესაც ის 2008 წლის 5 სექტემბერს ფოთის პორტს ესტუმრა და ჰუმანიტარული ტვირთი ჩამოიტანა, რუსეთ–საქართველოს ომიდან რამოდენიმე კვირაში; მაშინ რუსულ სამხედრო ძალებს ჯერ კიდევ ეკავათ ორი ბლოკპოსტი ფოთის მისადგომებთან.   

წელს ეს ამერიკული საზღვაო ძალების ხომალდის მეორე ვიზიტია საქართველოში; აგვისტოში ამერიკული სამხედრო ხომალდი Bulkeley (DDG 84) ბათუმის პორტს ოთხი დღით სტუმრობდა

„ვიზიტის მიზანია, რომ გაგრძელდეს აშშ–ის მე–6 ფლოტის ძალისხმევა, რომელიც შავი ზღვის ქვეყნებთან გლობალური საზღვაო პარტნიორობის დამყარებისა და საზღვაო დაცულობის და უსაფრთხოების გაუმჯობესებისკენაა მიმართული“, – განაცხადა აშშ–ის საელჩომ 10 ნოემბერს.

„აშშ–ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და სამხედრო ატაშე პოლკოვნიკი მეტ დიმმიკი ხომალდს ესტუმრებიან ბათუმში მისი ვიზიტის დროს“, – ნათქვამია განცხადებაში, „საქართველოს ოფიციალური პირები და ადგილობრივი მოსახლეობა ეკიპაჟს ბათუმის ნავმისადგომთან შეეგებებიან, ხოლო ეკიპაჟის წევრები ბათუმში მოსახლეობასთან ურთიერთობების პროექტში მიიღებენ მონაწილეობას“.

საქართველოში ჩამოსვლამდე, 4 ნოემბერს USS Mount Whitney ბულგარეთში, ბურგასის პორტს სტუმრობდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button