ახალი ამბები

ევროკავშირის წარმომადგენლები მარგველაშვილს ულოცავენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა წამომადგენელმა ქეთრინ ეშტონმა და გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა შტეფან ფულემ ერთობლივ განცხადებაში გიორგი მარგველაშვილს გამარჯვება მიულოცეს 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში.

„ჩვენ ასევე ვულოცავთ ქართველ ხალხს მათი ქვეყნის ძლიერი დემოკრატიის ხარისხის დემონსტრირებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

„მოვუწოდებთ ახლად არჩეულ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ითანამშრომლოს პრემიერ-მინისტრთან, მთავრობასთან, პარლამენტთან, მათ შორის ოპოზიციურ პარტიებთან, და ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან, ინკლუზიური და მრავალპარტიული სულისკვეთებით, რეფორმებისა და ინსტიტუტების განვითარებისკენ მიმართული საქართველოს ამბიციური პროგრამის შემდგომი განხორციელებისთვის“.
   
„ვილნიუსში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ, რომელიც მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ევროკავშირი–საქართველოს ურთიერთობებში, ჩვენ მოუთმენლად ველით საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის თაობაზე ჩვენს ამბიციურ ორმხრივ დღის წესრიგზე“, -ნათქვამია ფულესა და ეშტონის განცხადებაში.

28 ოქტომბერს მარგველაშვილს ასევე მიულოცეს გამარჯვება ლიტვის, ლატვიის, სომხეთის და თურქეთის პრეზიდენტებმა, ასევე თურქეთის პრემიერ–მინისტრმა.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა დაწერა თავის Twitter-ზე: „ვულოცავ საქართველოს კარგად ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს და გიორგი მარგველაშვილს აშკარა გამარჯვებას“.

როდესაც 28 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე მარგველაშვილს ჰკითხეს, ელოდება თუ არა ის მილოცვას რუსეთის ხელმძღვანელობისგან, მან უპასუხა, რომ ეს კითხვა რუსეთის ხელისუფლებას უნდა დაუსვან და არა მას. მისი თქმით, მას საქართველოს ამომრჩევლებისგან ჰქონდა მოლოდინები და ეს მოლოდინები შესრულდა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button