ახალი ამბები

საერთაშორისო დამკვირვებლები საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებს აფასებენ

საქართველოში 27 ოქტომბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები იყო „ეფექტურად ადმინისტრირებული, გამჭირვალე“ და „მეგობრულ და კონსტრუქციულ გარემოში“ ჩატარდა, ნათქვამია საერთაშორისო დამკვირვებლების წინასწარ დასკვნებში.

წინასწარი ანგარიში წარმოადგენს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპარლამენტის და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლების დასკვნებს.

„პოლიტიკური კოჰაბიტაციის შემდეგ ჩატარებული სუფთა არჩევნები იმის მაუწყებელია, რომ საქართველოს დემოკრატია მომწიფდა“, – განაცხადა ჟოაო  სუარესმა, სპეციალურმა კოორდინატორმა, რომელიც ეუთოს მოკლევადიან სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობდა.

„რეალურად, ის რაც გუშინ ვიხილეთ, იყო ევროპული არჩევნები“, – განაცხადა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა მატი რაიდმა.

„ქართველ ხალხს შეუძლია იამაყოს იმ დემოკრატიული ნაბიჯებით, რომელიც მათ გადადგეს“, – განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა ილკა კანევრამ, „მოვუწოდებ ქვეყანას და ყველა პოლიტიკურ პარტიას და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელს გამოიყენონ ეს მნიშვნელოვანი პროგრესი წინსვლისთვის, წარსულზე შეჩერების გარეშე“.

„საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი წლის თავზე, საქართველოს მოქალაქეებმა კვლავ წარმოაჩინეს თავიანთი პოლიტიკური სიმწიფე ამ საპრეზიდენტო არჩევნებზე“, – განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა  მერიქსელ მატეუ პიმ, „ეს არჩევნები მნიშვნელოვანი მიღწევაა ქვეყნისთვის და მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის“.

„ბოლო ექვსი კვირის მანძილზე, ჩვენ ვიხილეთ კონკურენტუნარიანი, გამჭირვალე და კარგად ადმინისტრირებული არჩევნები, სადაც როგორც ხელისუფლებამ, ისე ოპოზიციამ დადებითი როლი ითამაშეს“, – განაცხადა OSCE/ODIHR-ის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მატეო მეკაჩიმ. „ამ ტიპის პროცესი, სადაც ყველა მონაწილე, მათ შორის სიცოცხლისუნარიანი ოპოზიცია, თავიანთ შესაფერის როლს თამაშობს, მნიშვნელოვანია დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის“.

ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა კშიშფოფ ლიზეკმა განაცხადა, რომ არჩევნები მნიშვნელოვანი იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის მოახლოებული სამიტის კონტექსტშიც, სადაც საქართველო ელის, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებას მიაღწევს. თუმცა, გამოეხმაურა რა ევროპარლამენტის რეზოლუციას, ლიზეკმა ევროპის სახალხო პარტიიდან განაცხადა, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების ფაქტიური ხელმოწერა „განპირობებული უნდა იყოს რეალური პროგრესით კანონის უზენაესობასა და დემოკრატიაში“.

წინასწარი დასკვნებით, საარჩევნო კამპანია ხმის მიცემის დღემდე მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე მიმდინარეობდა და არჩევნების დღეს ამომრჩევლებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავისუფლად გაეკეთებინათ არჩევანი.

ამავე დასკვნების თანახმად, კამპანიაზე, რომელიც ნაკლებად პოლარიზებული იყო შარშანდელ საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, უარყოფითი გავლენა მოახდინა ბრალდებებმა პოლიტიკური ზეწოლის შესახებ, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში. მართალია, კამპანია პრემიერ–მინისტრ ივანიშვილსა და პრეზიდენტ სააკაშვილს შორის დაპირისპირებიდან თანდათან გადაიზარდა შეჯიბრში ძირითად კანდიდატებს შორის, „მთელი კამპანიის მსვლელობისას, პერსონიფიცირებული პოლიტიკა საჯარო დებატების დროს კვლავაც დომინირებდა“.

„მთლიანობაში არჩევნების დღე პროფესიულად და გამჭვირვალედ ჩატარდა. საერთაშორისო დამკვირვებლებმა უბნების გახსნის, ხმის მიცემის, ხმების დათვლისა და შედეგების შეჯამება დადებითად შეაფასეს. ყველა პროცედურა ძირითადად დაცული იყო და საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღნიშნეს გამჭვირვალობის მაღალი დონე მთელი დღის განმავლობაში“, – ნათქვამია ანგარიშში.

ხმის მიცემის პროცესი დამკვირვებლებმა დადებითად შეაფასეს, მაგრამ იქვე აღნიშნეს პრობლემები, რომლებიც ზოგიერთ უბანზე ხალხმრავლობას ეხებოდა. „ძირითადი შეშფოთება გამოითქვა იმასთან დაკავშირებით, რომ საარჩევნო უბნებზე კანონით დაშვებულზე მეტი დამკვირვებელი იმყოფებოდა, რაც უბნების გადატვირთვას იწვევდა და ზოგ შემთხვევაში, დამკვირვებლები საარჩევნო პროცესშიც ერეოდნენ“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაციის პროცესი „გამჭვირვალედ და ყოვლისმომცველად“ წარიმართა. თუმცა, დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ პრეზიდენტობის რამდენიმე მსურველისთვის რეგისტრაციაზე უარის თქმა ორმაგი მოქალაქეობის საფუძვლით „შეიძლება არ შეესაბამებოდეს საერთაშორისო პრაქტიკას“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button