ახალი ამბები

ახალაია ციხის ბუნტთან დაკავშირებულ საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ ცნო

ყოფილი თავდაცვის მინისტრი და სასჯელაღსრულების სისტემის ყოფილი ხელმძღვანელი ბაჩო ახალაია სასამართლომ დამნაშავედ ცნო არაადამიანურ მოპყრობაში 2006 წლის ციხის ბუნტთან დაკავშირებით და სამი წლით და ცხრა თვით პატიმრობა და 4 000 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.

განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 28 ოქტომბერს გამოაცხადა.

ბრალდების თანახმად, რომელსაც ახალაია უარყოფს როგორც პოლიტიკურად მოტივირებულს, ახალაიამ, რომელიც მაშინ  სასჯელაღსრულების სისტემას ხელმძღვანელობდა, რამდენიმე პატიმარი სცემა 2006 წლის მარტში, რასაც თბილისის მე–5 საპყრობილეში ბუნტი მოყვა; შედეგად კი შვიდი პატიმარი დაიღუპა.

სასამართლომ კიდევ სამი ბრალდებული ცნო დამნაშავედ იმავე საქმეზე, რომლებიც ამჟამად თავისუფლებაში იმყოფებიან, და მათ სამი წლით და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ახალაიას ერთ–ერთმა ადვოკატმა, მალხაზ ველიჯანაშვილმა განაცხადა, რომ განაჩენს აუცილებლად გაასაჩივრებენ.

თავდაპირველად ახალაისთვის ხუთწლიანი პატიმრობა იგეგმებოდა, თუმცა ეს ვადა ერთი–მეოთხედით შემცირდა იმ ამნისტიის აქტის ფარგლებში, რომელიც პარლამენტმა 2012 წლის დეკემბერში დაამტკიცა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button