ახალი ამბები

სააკაშვილის პოსტ-საარჩევნო მიმართვა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა კენჭისყრის დასრულების შემდეგ თავის სატელევიზიო მიმართვაში მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს ახალი პრეზიდენტის არჩევის გამო და შედეგებით უკმაყოფილო ნაწილს განუცხადა, რომ „ჩვენ უნდა ყველამ პატივი ვცეთ უმრავლესობის აზრს“ იმ პირობებში, როცა ბოლო ერთი წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენები „სერიოზულ უკან დახევას წარმოადგენს საქართველოსთვის“.

„საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები შედგა. საქართველომ აირჩია ახალი პრეზიდენტი და მე მინდა ყველა ამომრჩეველს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ არჩევნებში, ვუთხრა მადლობა, ვინაიდან ყველა არჩევნები მიუხედევად მათი შედეგებისა, ემსახურება ყოველ ჯერზე დემოკრატიის შემდგომ განვითარებას ჩვენ ქვეყანაში და საბოლოო ჯამში, დემოკრატია არის მთავარი, რასაც ეფუძნება ჩვენი პოლიტიკური სისტემა და რითაც ჩვენ ძალიან ვამაყობთ“- განაცხადა მან.

„საქართველოს ამომრჩეველმა თქვა თავისი სიტყვა და მე მინდა ვუთხრა ყველას,  ვინც უკმაყოფილოა ამ შედეგებით: ჩვენ უნდა ყველამ პატივი ვცეთ უმრავლესობის აზრს იმიტომ, რომ უმრავლესობა წყვეტს ასეთ საკითხებს დემოკრატიაში. რამდენადაც არ უნდა ვეთანხმებოდეთ ან ვეთანხმებოდეთ, ან ვეწინააღმდეგებოდეთ ამ გადაწყვეტილებას, ასეთია დემოკრატიის წესები“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

„ამავე დროს, რა თქმა უნდა, მე მესმის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი საქართველოში იმედგაცრუებულიც არის, ჩვენ ყოველთვის უნდა მოვისმინოთ უმცირესობის აზრსაც, მათ შორის უმრავლესობამ“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, ამ არჩევნებზე დაფიქსირებული ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა  – 46.6%,
„მნიშვნელოვანი სიგნალია“ იმისა, რომ „ჩვენ ხალხთან საჭიროა მუდმივი დიალოგის წარმოება“.

„არ დაგიმალავთ, რომ მე მიმაჩნია ბოლო ერთ წელიწადში და მათ შორის დღეს საქართველოში განვითარებული მოვლენები და ამ მოვლენებიდან განვითარებული შედეგები სერიოზულ უკან დახევას წარმოადგენს საქართველოსთვის, მისი წინსვლისთვის, მისი სამომავალო პერსპექტივებისთვის“, – განაგრძო მან.

„მაგრამ ამავე დროს ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ იმ პირობებში, როცა საქართველო შეუქცევადად მიდის თავისი ბუნებრივი გარემოსკენ – ევროპისკენ; იმ პირობებში, როცა საქართველოს ამომრჩეველი მყარად უჭერს მხარს ამ კურსს; იმ პირობებში, როცა ბოლო წლებში გაიზარდა ახალი თაობა ჩვენი თანამემამულეების, გამოჩნდა ახალი ჯგუფი, დიდი ჯგუფი ძალიან ახალგაზრდობის, რომელმაც მთლიანად ფეხი აუწყო ახალ რეალიებს და საერთოდ ჩვენ, როგორც საზოგადოებამ, ყველა ასაკის ხალხმა შევიძინეთ ახალი გამოცდილება, საბოლოო ჯამში საქართველოში წყვდიადის და რეგრესის ძალები ვერ გაიმარჯვებენ, ფეხს ვერ მოიკიდებენ, ყველა  სიძნელე დროებითია და ჩვენ გავაგრძელებთ წინსვლას“.

„ჩვენ ყველამ პატივი უნდა ვცეთ არჩევნების შედეგებს და კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა ხალხს, ვისაც ეს შედეგები არ მოწონთ და ვისი აზრით მე ძალიან კარგად მესმის, მე მინდა ვუთხრა ყველას: ნუ ჩამოუშვებთ ხელებს, ყველანაირი უკან დახევა არის დროებითი, საქართველოს აქვს, დარწმუნებული ვარ, იმ ტრადიციაზე დაფუძნებით, რომელიც ჩვენ შევქმენით ბოლო 10 წელიწადში და რომელსაც უკვე ვეღარაფერი ვეღარ აღმოფხვრის, საქართველოს აქვს საბოლოო ჯამში ძალიან კარგი მომავალი, ჩვენ გადავლახავთ ყველა სიძნელეებს, ჩვენ ავინაზღაურებთ დაკარგულ დროს და ჩვენ გავაგრძელებთ სვლას უკეთესი მომავლისკენ“, – განაცხადა სააკაშვილმა.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button