ახალი ამბები

საქართველო ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციაში

ევროპარლამენტმა 23 ოქტომბერს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელიც მხარდაჭერას გამოხატავს ნოემბრის ბოლოს ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე საქართველოსთან ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირების მიმართ, თუმცა იქვე აცხადებს, რომ ამ შეთანხმების ხელმოწერა განპირობებული უნდა იყოს რეალური პროგრესით კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის სფეროში. 

რეზოლუციის დამტკიცებამდე, რომელიც ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა მოამზადა, დოკუმენტის პროექტმა საქართველოში დიდი ყურადღება მიიპყრო, რადგანაც ის წინასწარ პატიმრობაში მყოფ ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს და ყოფილ პრემიერ–მინისტრ ვანო მერაბიშვილს „პოლიტპატიმრად“ მოიხსენიებდა.

პროექტი ასევე მოუწოდებდა, რომ ვილნიუსის სამიტზე ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებაც კი განპირობებული ყოფილიყო „საქართველოს ხელისუფლების რეალური პროგრესით კანონის უზენაესობის სფეროში, და ეს დაწყებულიყო ყველა პოლიტპატიმრის, მათ შორის ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებით“.

კოალიცია ქართული ოცნება აცხადებდა, რომ პროექტში ეს ცვლილება ნაციონალური მოძრაობის ძალისხმევით აისახა, რომელსაც ამაში ევროპის სახალხო პარტიიდან ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრი დაეხმარა; ქართული ოცნების დეპუტატები და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მიმდინარეობდა მუშაობა ამ ფრაზის პროექტიდან ამოღების მიზნით. პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა განაცხადა 21 ოქტომბერს, რომ „ძალიან დაბალი ალბათობა“ არსებობდა იმისა, რომ ამგვარი ფორმულირება დარჩენილიყო საბოლოო ტექსტში.    

ამ საკითხის კომენტირებისას პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა განაცხადა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში 21 ოქტომბერს, რომ ზოგადად, ნაციონალური მოძრაობა და წინა ხელისუფლება უამრავ ფულს ხარჯავდა ლობირებაზე.

„ეს არ არის ევროპელების და ამერიკელების ბრალი; ჩვენი ბრალია; ამ ხალხმა [წინა ხელისუფლებამ] საოცრება მოახერხეს ჩვენგან ნაძარცვი ფულით და იქ [დასავლეთში] გაიკეთეს მაგარი იმიჯი. მე არ გამოვრიცხავ კორუფციას. ევროპასა და ამერიკაში კორუფციაზე არ გაგიგიათ? ფულს არიგებდნენ, ამ ხალხს უამრავი ფული გაჰქონდათ გარეთ, ლობისტებს ქირაობდნენ, პიარს აკეთებდნენ; მაგრამ ეს მუხტი ნელ–ნელა მცირდება, მაგრამ ინარჩუნებენ; ამათ ფული დღესაც აქვთ და დღესაც ხარჯავენ ფულს“, – განაცხადა მან.

ამ განცხადებამ, კერძოდ კი „კორუფციის“ ხსენებამ, ევროპის სახალხო პარტიის ხელმძღვანელობის გაღიზიანება გამოიწვია. 23 ოქტომბერს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის თავმჯდომარემ ჯოსეფ დაულმა განაცხადა, რომ „აბსოლუტურად მიუღებელია პრემიერ–მინისტრ ივანიშვილის ბრალდებები, რომ საგარეო საქმეთა კომიტეტის დეპუტატების მოსყიდვა განხორციელდა“. მან ასევე დასძინა, რომ „ივანიშვილის პოპულიზმს საზღვრები არ აქვს“.

23 ოქტომბერს მიღებული რეზოლუციის ტექსტში აღარ არის ნახსენები სიტყვა „პოლიტპატიმარი“, თუმცა მასში საუბარია მიმდინარე სასამართლო პროცესებზე, რომლებიც წამყვან ოპოზიციურ ფიგურებს, მათ შორის ვანო მერაბიშვილს ეხება. დოკუმენტი ევროპული სტანდარტების და ნორმების სრული პატივისცემისკენ მოუწოდებს.

რეზოლუციაში ევროპარლამენტი „აღიარებს ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესს ქვეყნის მოდერნიზაციისა და ასოცირების შესახებ შეთანხმების მოთხოვნების დაკმაყოფილების მიმართულებით“, მაგრამ ამავე დროს „შეშფოთებით აღნიშნავს“ იმ ნაკლოვანებებს, რომლებიც კვლავ არსებობს დემოკრატიული სტანდარტების გამოყენების კუთხით.

„ამ თვალსაზრისით ხაზს უსვამს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოსა და ეფექტური მართლმსაჯულების სისტემის მიღწევისთვის აუცილებელი შემდგომი გაუმჯობესებისა და რეფორმების, ასევე, არადისკრიმინაციული საარჩევნო სისტემისა და უმცირესობების უფლებების პატივისცემის საჭიროებას; აღნიშნავს მიმდინარე სასამართლო პროცესებს, რომლებიც წამყვან ოპოზიციურ ფიგურებს, მათ შორის ვანო მერაბიშვილს ეხება და მოუწოდებს ევროპული სტანდარტებისა და ნორმების სრული პატივისცემისკენ“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

„[ევროპარლამენტი] ხელს შეუწყობს ვილნიუსის სამიტზე ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ჩათვლით, ასევე ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის სწრაფად დასრულებას; მიაჩნია, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა განპირობებული უნდა იყოს საქართველოს მიერ კანონის უზენაესობის და დემოკრატიზაციის სფეროში მიღწეული რეალური პროგრესით და მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ევროპული სტანდარტების დაკმაყოფილებით; აღიარებს იმ მნიშვნელოვან ზეგავლენას, რომელიც ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებას, თავისუფალი ვაჭრობას და უვიზო მიმოსვლის შემოღებას ექნება საქართველოს რეფორმების პროცესზე“, – ნათქვამია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში, რომელიც მოუწოდებს ევროკომისიას, რომ „პირობითობის ეს წესი გამოიყენოს და დაადგინოს ის კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ეს პროგრესი გაიზომება“.

მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით რეზოლუციაში ნათქვამია, რომ 27 ოქტომბრის არჩევნები იქნება ლაკმუსის ტესტი, თუ რამდენად მზადაა საქართველო გამოიყენოს დემოკრატიის და კანონის უზენაესობის სტანდარტები, უზრუნველყოს ოპოზიციის თავისუფალი მონაწილეობა არჩევნებში და თავისუფალი, დამოუკიდებელი მედიის მიერ კამპანიის გაშუქება ხელისუფლების მხრიდან რაიმე ჩარევის გარეშე.

საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, რეზოლუცია მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას „შეამსუბუქოს დაძაბულობები რუსეთთან და ამავე დროს შეინარჩუნოს ქვეყნის პროევროპული ორიენტაცია“; რეზოლუცია ასევე „მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“. დოკუმენტში ასევე ნათქვამია: „საქართველომ არ უნდა შეიკავოს თავი ევროპული მისწრაფებებისგან და უნდა შეეწინააღმდეგოს ევროპასთან ასოცირებაზე უარის თქმისკენ მიმართულ ზეწოლას“.

საქართველოს მთავრობა მიესალმა რეზოლუციას 23 ოქტომბერს გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button