ახალი ამბები

2008 წლის არჩევნების დღეს ხურჩაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ორი პირია დაკავებული

უსაფრთხოების სამსახურის ორი ყოფილი თანამშრომელი იქნა დაკავებული ტერორიზმის ბრალდებით იმ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც სოფელ ხურჩაში 2008 წლის 21 მაისს მოხდა, იმ დღეს როდესაც საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართებოდა, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამშაბათს.

კერძოდ, იმ დღეს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მობილიზებული იქნა გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მოსახლეობა, რომლებიც ავტობუსებით უნდა გამგზავრებულიყვნენ ზუგდიდში. თუმცა, ხალხი პანიკაში ჩავარდა მას შემდეგ, რაც ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა ატყდა; ამის შემდეგ, ყუმბართმტყორცნიდან განხორციელებული ორი გასროლით აფეთქა ხალხის გადასაყვანად მობილიზებული ცარიელი ავტობუსები. სამი ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი მძიმედ.

ინციდენტიდან მალევე საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზური მხარე დაადანაშაულა, მაგრამ ერთი თვის თავზე გავრცელებული საგამოძიებო დოკუმენტური ფილმის თანახმად, თავდასხმა ქართულმა მხარემ მოაწყო – ეს ბრალდებმა მოგვიანებით გაეროს გამოძიებამაც გაამყარა.

მართალია გაეროს ანგარიში პირდაპირ არ ადებდა ხელს საქართველოს ხელისუფლებას და ვერც რაიმე მყარი მტკიცებულებების მოპოვება შეძლო დამნაშავეთა იდენტიფიცირებისთვის, მაგრამ მანაც ეჭვი შეიტანა ინციდენტის ქართულ ვერსიაში, რომლის თაობაზეც მაშინდელი ხელისუფლება საუბრობდა.

ინციდენტიდან დაახლოებით ხუთი წლის თავზე და საქართველოში ხელისუფლების შეცვლიდან ერთ წელიწადში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 22 ოქტომბერს თავისი ორი ყოფილი თანამშრომელი დაადანაშაულა იმაში, რომ სავარაუდოდ მათ განახორციელეს ყუმბარტყორცნებიდან გასროლები ავტობუსების მიმართულებით.

შსს–მ განაცხადა, რომ სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა და ამავე სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სპეციალურ ღონისძიებათა ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი მალხაზ მურღულია დააკავეს ტერორიზმის ბრალდებით.   

სამინისტროს ინფორმაციით, შამათავამ და მურღულიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს „სხვა მაღალ თანამდებობის პირებთან ერთად“, ორგანიზება გაუკეთეს და განახორციელეს ტერორისტული აქტი „მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინების მიზნით“.

შსს–ს პრესსპიკერმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს გამოძიება იმ პირთა გამოსავლენად, რომლებიც მონაწილებდნენ ინციდენტში და რომელთა დაკვეთითაც განხორციელდა ეს დანაშაული.  

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button