ახალი ამბები

ბურჯანაძის თქმით, სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევაში იგი გაიმარჯვებს

საპრეზიდენტო კანდიდატმა და პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ იგი დარწმუნებულია, რომ 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, ხოლო მისი მეორე ან მესამე ადგილზე გასვლა იმის მანიშნებელი იქნება, რომ არჩევნები გაყალბდა.

„ნინო ბურჯანაძე თავისუფალი არჩევნების პირობებში გახდება პრეზიდენტი, მე ამაში დარმწუნებული ვარ; მე არ ვმარჩიელობ, მე ვიცი“, – განაცხადა მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის თოქშოუში 8 ოქტომბერს, „მეორე, ან მესამე ადგილის შემთხვევაში, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ არ გავაყალბებინებთ“.

მან უსაფუძვლო უწოდა სპეკულაციებს იმის თაობაზე, რომ მან გარიგება დადო ქართულ ოცნებასთან და პრემიერ–მინისტრი ივანიშვილი მის კამპანიას ფარულად ეხმარება, რათა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი დავით ბაქრაძე მეორე ადგილზე არ გავიდეს და ნაციონალურ მოძრაობას მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი აღარ ჰქონდეს.

ბურჯანაძემ, რომელიც აქტიურ კამპანიას ახორციელებს ქვეყნის მასშტაბით, ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება მის წინააღმდეგ შეთქმულებაში დაადანაშაულა, რათა მან არჩევნები ვერ მოიგოს. ბურჯანაძის თქმით, ნაციონალური მოძრაობა მზად არის ხმებით დაეხმაროს ქართული ოცნების კანდიდატს, თუ დაინახავენ რომ ბურჯანაძე იგებს. მან ასევე განაცხადა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ იცის, რომ ბურჯანაძის გამარჯვება ნაციონალური მოძრაობის დასრულების ტოლფასი იქნება.   

„ის, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ … გაბედა და სპორტის სასახლეში ჩაატარა ყრილობა და იქიდან თითი გვიქნია, რომ იმაზე მალე მოვბრუნდები, ვიდრე თქვენ გგონიათო, ეს არის პირველ რიგში ქართული ოცნების ბრალი. მე ვპირდები საქართველოს მოსახლეობას, რომ მე და ჩემი ასიათასობით მომხრე არ დავუშვებთ ამას“, – განაცხადა მან.

ბურჯანაძემ ასევე განაცხადა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გახდება საჭირო, რადგანაც მოქმედი პარლამენტი ვერ ასახავს ქვეყანაში არსებულ რეალობას. მისი თქმით, მოქმედი პარლამენტი დაკარგავს საკუთარ ლეგიტიმურობას პრემიერ–მინისტრ ივანიშვილის წასვლის შემდეგ, რადგანაც, ამომრჩევლებმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმა მისცეს არა ქართული ოცნების წევრებს, არამედ პირადად ბიძინა ივანიშვილს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button