ახალი ამბები

საკონსტიტუციო რეფორმისთვის სახელმწიფო კომისია იქმნება

პარლამენტმა 4 ოქტომბერს მიღებული დადგენილებით ერთხმად დაუჭირა მხარი საკონსტიტუციო რეფორმის განსახორციელებლად სახელმწიფო კომისიის შექმნას, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი უხელმძღვანელებს და რომელიც კონსტიტუციის ახალ მოდელს 2014 წლის 1 სექტემბრამდე შეიმუშავებს.

პარლამენტის თავმჯდომარეს, როგორც კომისიის თავმჯდომარეს, დაევალა ერთი თვის განმავლობაში წარადგინოს კომისიის საქმიანობის და გადაწყვეტილების მიღების წესები და ამავე ვადაში დააკომპლექტოს კომისია.

წინასწარ განსაზღვრული წესების მიხედვით, კომისიის მუშაობაში 20 დეპუტატი მიიღებს მონაწილეობას; მასში ასევე შევლენ: საბიუჯეტო დაფინანსების მქონე არასაპარლამენტო პარტიების თითო წარმომადგენელი, ასევე საბიუჯეტო დაფინანსების არ მქონე იმ პარტიათა თითო წარმომადგენელი, რომლის კანდიდატიც 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 3%-ს მაინც მიიღებს; ამასთან, თანამდებობრივად კომისიის შემადგენლობაში შევლენ: საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეები, აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი საბჭოების თავმჯდომარეები; სახალხო დამცველი, იუსტიციის მინისტრი, პრეზიდენტისა და მთავრობის საპარლამენტო მდივნები, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე; ასევე 20 წევრი იურისტთა აკადემიური წრეებიდან და არასამთავრობო სექტორიდან იქნება კომისიაში წარმოდგენილი.

კომისიის შექმნის გეგმები კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენლებმა გასული თვეების განმავლობაში არაერთხელ დააანონსეს, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღება საბოლოოდ საპრეზიდენტო არჩევნების წინ მოხერხდა.

ამგვარი კომისია ბოლოს 2009 წლის ივნისში შეიქმნა, რომელმაც ის მოდელი მოამზადა, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტმა 2010 წლის ოქტომბერში მიიღო და რომელიც ოქტომბერში არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ამოქმედდება, მნიშვნელოვნად შეამცირებს რა პრეზიდენტის უფლებამოსილებებს პრემიერ-მინისტრისა და ზოგადად, მთავრობის გაძლიერების ხარჯზე.

ქართული ოცნების დეპუტატების თქმით, მორიგი ფართომასშტაბიანი საკონსტიტუციო რეფორმა მიზნად ისახავს „სუპერ საპრემიერო“ მოდელის შეცვლას, რათა ხელისუფლების შტოებს შორის ურთიერთგაწონასწორების მექანიზმები უფრო დაბალანსებული გახდეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button