ახალი ამბები

ივანიშვილის იუსტიციის საბჭოს მდივანს შეხვდა

სასამართლო სისტემაში ხელფასების გაზრდასა და სასამართლო რეფორმაში იუსტიციის საბჭოს როლის გააქტიურებაზე იმსჯელეს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და იუსტიციის საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ 1 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდა ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.

ივანიშვილმა შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ ერთობლივ სატელევიზიო განცხადებაში შეაქო „ახალი მთავრობის მოსვლის შემდგომ დემოკრატიული წესით არჩეული“ იუსტიციის საბჭოს მდივანი, რომელიც მისი თქმით, ზრუნავს მოსამართლეთა სოციალურ გარანტიებზე და ასევე განწყობილია და პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რომ „ყოველგვარი გავლენისგან გაათავისუფლოს სასამართლო სისტემა“, რათა მან მოიპოვოს „პრესტიჟი და ნდობა“ მოსახლეობაში.

„ყველა მოსამართლემდე მიიტანს ამ მუხტს და გამოკვეთილად იმუშავებს იმაზე, რომ ყველა მოსამართლემ იგრძნოს, რომ მათ თვითონ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება და ის დამოუკიდებელი იქნება ყოველგვარი ზეგავლენისაგან“, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ახალი ხელისუფლება „ვერ გაბედავს“ სასამართლოს საქმიანობაში ჩარევას და იმავდროულად, „ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ“, რომ წინა ხელისუფლების მიერ დაკომპლექტებული მოსამართლეთა კორპუსი ყოფილი ხელისუფლების გავლენისგანაც გათავისუფლდება.  

პრემიერ-მინისტრი ასევე დაპირდა როგორც მოსამართლეთა ხელფასების, ისე სასამართლოს აპარატის თანამშრომელთა ხელფასების გაზრდას. მურუსიძის თქმით, მოსამართლეების პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, მათ „ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ანაზღაურება უნდა ჰქონდეთ“.

ამჟამად მოქმედ მოსამართლეთა შრომის ანაზღაურება 2 300 ლარიდან 5 650 ლარამდე მერყეობს იმის მიხედვით, თუ რომელ ინსტანციაში რა თანამდებობას იკავებს ესა თუ ის მოსამართლე. ამასთან, ყველაზე დაბალი ხელფასი რეზერვში მყოფ მოსამართლეს ერიცხება 500 ლარის ოდენობით, საქალაქო სასამართლოში მოსამართლეთა ხელფასები 2 300-2500 ლარის ფაგლებში მერყეობს; სააპელაციო სასამართლოში – 2 500-4 200 ლარის; ხოლო ყველაზე მაღალი ხელფასები, რომელთა განაკვეთიც 4 400 ლარიდან იწყება, აქვთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ხელფასი 5 650 ლარს შეადგენს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button