
სოხუმში რუსი დიპლომატის მკვლელობაში ბათუმში დაკავებული ლაკაევია ეჭვმიტანილი
რუსეთის მოქალაქე ჩეჩნეთიდან, იუსუფ ლაკაევი, რომელიც ბათუმში პოლიციასთან სროლის ინციდენტის დროს დაიჭრა, სოხუმში რუსი დიპლომატის და მისი მეუღლის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, განაცხადეს სეპარატისტული აფხაზეთის პროკურატურამ და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა 19 სექტემბერს.
სოხუმში რუსეთის საელჩოს პირველი მდივანი დიმიტრი ვიშერნევი 9 სექტემბერს მოკლეს. მისი მეუღლე, რომელიც ამავე საელჩოს თანამშრომელი იყო, მძიმედ დაიჭრა და 14 სექტემბერს სოხუმის საავადმყოფოში გარდაიცვალა. აფხაზეთის პროკურატურის განცხადებით, თავიდან დამნაშავე შეეცადა რუს დიპლომატებს ხელნაკეთი ბომბით დასხმოდა თავს, თუმცა მას შემდეგ, რაც ასაფეთქებელი მოწყობილობა არ ამოქმედდა, მან 9 მმ კალიბრის დაუდგენელი იარაღი გამოიყენა.
მოგვიანებით, 13 სექტემბერს ბათუმში მომხდარი სროლის ინციდენტის დროს სამი ადამიანი დაშავდა. ერთ–ერთი დაშავებული რუსეთის მოქალაქე იუსუფ ლაკაევი იყო, რომელმაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მას შემდეგ გახსნა ცეცხლი, რაც პოლიცია მას და მის ორ ქართველ თანმხლებ პირს მიუახლოვდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების შესამოწმებლად. შედეგად, პოლიციელი და გამვლელი დაიჭრნენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ლაკაევი საქართველოში „არალეგალურად“ შემოვიდა და ბათუმიდან თურქეთში აპირებდა „უკანონოდ“ გადასვლას.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ იუსუფ ლაკაევი, რომელიც ამჟამად ბათუმის საავადმყოფოში გადის მკურნალობას, სავარაუდოდ იგივე პიროვნებაა, რომელიც ფიგურირებს იმ პირთა სიაში, რომლებიც, როგორც რუსეთის უშიშროების სამსახური აცხადებს, „ექსტრემიზმთან“ და „ტერორიზმთან“ კავშირში არიან ეჭვმიტანილნი.
სეპარატისტული აფხაზეთის პროკურატურამ განაცხადა, რომ რუსი დიპლომატის მკვლელობის საქმის გამოძიება რუსეთის საგამოძიებო კომიტეტთან ერთად მიმდინარეობდა. 19 სექტემბერს გამოქვეყნებულ ცალ–ცალკე განცხადებებში სეპარატისტული რეგიონის პროკურატურამ და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადეს, რომ გამოძიებამ დაადგინა, რომ ლაკაევი დამნაშავეა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ ის საქართველოს ლაკაევის რუსეთში ექსტრადიციის თხოვნით მიმართავს. კომიტეტის თქმით, ამგვარი თხოვნა შვეიცარიელი დიპლომატების მეშვეობით გაკეთდება.
არც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა და არც სეპარატისტული აფხაზეთის პროკურატურამ არაფერი თქვა რუსი დიპლომატის მკვლელობის შესაძლო მოტივების შესახებ.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს გამოძიება დანაშაულთან კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენის და დაპატიმრების მიზნით.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ლაკაევი პატიმრობიდან 2011 წელს გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც მან მოიხადა სასჯელი ჩეჩნეთში უკანონო შეიარაღებული ჯგუფებისთვის დახმარების გაწევისთვის.
მამუკა ზოიძემ, რომელიც საქართველოში ლაკაევის ადვოკატია, უარი თქვა ბრალდებების შესახებ კომენტარის გაკეთებაზე. მან ასევე არ თქვა, თუ საიდან შემოვიდა საქართველოში ლაკაევი, რომელსაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)