skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებს აკრიტიკებს

პრეზიდენტი სააკაშვილი 16 სექტემბერს მისი ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდა და კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების წინააღმდეგ „კონსოლიდაციისკენ“ მოუწოდა.

„პრემიერ-მინისტრმა შემოაგდო ამ კვირაში კენჭისყრა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება უკავშირდება მის განზრახვას ე.წ. პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ მიიღოს ისეთი სისტემა, სადაც პრაქტიკულად მოხდება უზურპაცია ხელისუფლების მის ხელში. მას ექნება სრული კონტროლი პარლამენტზე, რომლის გადმოტანა უნდა თბილისში და მან მითხრა პირადად მე, რომ მას გადმოტანა უნდა იმისთვის, რომ როცა გადადგება, ბევრად უფრო ადვილად აკონტროლოს პარლამენტი, რაც თავისთავად უცნაური სურვილია გადამდგომი პოლიტიკოსისგან“, – განუცხადა დეპუტატებს ნაციონალური მოძრაობიდან პრეზიდენტმა 16 სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე. 

ჯერ-ჯერობით ზუსტად არ არის დადგენილი დღის წესრიგი, თუ რომელი საკონსტიტუციო პროექტების განხილვას აპირებს პარლამენტი ოქტომბრამდე, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მუშაობას შეწყვეტს.

სულ საუბარია ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ ოთხ პროექტზე: ერთი ეხება იმ დებულების გაუქმებას, რომელიც პარლამენტის ადგილსამყოფელად ქალაქ ქუთაისს განსაზღვრავს; მეორე პროექტი უფლებას აძლევს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს დაიკავონ პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობები, რაც ამჟამად აკრძალულია; მესამე პროექტი ითვალისწინებს პრემიერ-მინისტრის მიერ მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე საპარლამენტო კონტროლის შენარჩუნებას, რათა  პრემიერს აღარ მიენიჭოს უფლება პარლამენტთან შეუთანხმებლად შეცვალოს კაბინეტის მინისტრების 1/3-ზე მეტი და ასევე ეხება ბიუჯეტის კანონის მიღებასთან დაკავშირებულ პარლამენტის შესაძლო დათხოვნის პროცედურებს;  ხოლო მეოთხე პროექტი უკავშირდება კონსტიტუციის გადასინჯვისთვის საჭირო ამჟამად არსებული 2/3-იანი კვორუმის შენარჩუნებას, რათა არ მოხდეს ამ კვორუმის 3/4-მდე გაზრდა, რაც სამი წლის წინ მიღებული იმ საკონსტიტუციო დებულებებით არის გათვალისწინებული, რომელიც ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ უნდა ამოქმედდეს და რომლითაც პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტის უფლებამოსილებების შემცირების ხარჯზე, ძლიერი ფიგურა ხდება.

„მას [ივანიშვილს] აქვს განზრახვა, რომ პრაქტიკულად 2/3-ზე დაიყვანოს კვორუმი, რაც ნიშნავს მთელ რიგ სხვა ცვლილებებისთვის ხელების გახსნას, რაც საშუალებას მისცემს მთლიანად ქართული პოლიტიკური სპექტრი, ცხოვრება, საქართველოს მთავარი გადაწყვეტილებების კონცენტრაცია მოხდეს არაფორმალურად სწორედ მის ხელში“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, იმ სიტუაციაში, როცა საქართველოში „მშენებლობები“ და „პროგრესი“ შეჩერებულია, „თუ მათ მოახერხეს პარლამენტში გატანა საკონსტიტუციო ცვლილებების, საქართველოში მოხდება საბოლოოდ გაჩერება პროგრესის და საბოლოო უზურპაცია ხელისუფლების, რაც რა თქმა უნდა, გრძელვადიანი ვერ იქნება, მაგრამ გამოიწვევს სამწუხაროდ ჩვენდა, შეჩერებას პროგრესის, ქაოსს და იმას, რაც ყველას გვინდა თავიდან ავიცილოთ“.

სააკაშვილმა პარლამენტში თავის თანაგუნდელებს განუცხადა, რომ საჭიროა „ჩვენ გვესმოდეს, რომ ისინი ახლა ყველაზე მუშაობენ მოსყიდვით, შანტაჟით, ხელების ამოგრეხვით“. 

„ეს არის გადამწყვეტი მომენტი იმისა, შეძლებს თუ არა საქართველო ამ ზიანის და ზარალის, რაც ამ მოკლე ხანში მიადგა საქართველოს, ჩქარა გადალახვას და წინსვლას, თუ ჩვენ ჩავეფლობით იმ ჭაობში, სადაც ბოლო თვეებში გვექაჩებიან“, – განუცხადა მან დეპუტატებს ნაციონალური მოძრაობიდან.

ქართულ ოცნებას საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისათვის საჭირო 100 ხმა არ გააჩნია და მას ამისთვის ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე დეპუტატის მხარდაჭერა მაინც სჭირდება. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button