ახალი ამბები

ორ ტელეკომპანიაში ევაკუაცია განხორციელდა ბომბის არსებობაზე შეტყობინებების გამო

ტელეკომპანიების „რუსთავი 2“-ისა და "იმედის" შენობებიდან თანამშრომელთა ევაკუაცია განხორციელდა მას შემდეგ, რაც ხუთშაბათს პოლიციამ განაცხადა, რომ მიიღო ანონიმური შეტყობინებები ბომბის არსებობის თაობაზე, რაც მოგვიანებით შემოწმების შედეგად არ დადასტურა.

"რუსთავი 2"-ის თანამშრომელთა ევაკუაცია დილით განხორციელდა, თუმცა ტელეკომპანიას ამის გამო მაუწყებლობა არ შეუწყვეტია; 12-საათიანი „კურიერი“ სხვა შენობაში მდებარე  ძველი სტუდიიდან გავიდა ეთერში.

მას შემდეგ, რაც შსს-მ განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული შეტყობინება ცრუ იყო, პოლიციამ მეორე ტელეკომპანიას, „იმედს“ თანამშრომლების ევაკუაციისკენ მოუწოდა „იმედში“ ბომბის არსებობის თაობაზე ანალოგიური  შეტყობინების მიღების გამო. საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკის“ წამყვანმა გამოშვების მსვლელობის დროს განუცხადა ტელემაყურებელს, რომ მას ევაკუაციის გამო გადაცემა უნდა შეეწყვიტა.

ორივე შემთხვევაში თანამშრომლები თავიანთ სამუშაო ადგილებს მას შემდეგ დაუბრუნდნენ, რაც გამნაღმველებმა ტელეკომპანიების შენობებში მუშაობა დაასრულეს.

შსს-ის თქმით, ნაღმების არსებობის შესახებ შეტყობინებები გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა. ხუთშაბათს, მოგვიანებით პოლიციამ განაცხადა, რომ ორივე შემთხვევაში ცრუ შეტყობინების ავტორები დააკავა.

ბოლო ორი თვის განმავლობაში ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში ორჯერ განხორციელდა ევაკუაცია 26 ივლისსა და 6 სექტემბერს ბომბის არსებობაზე შესული შეტყობინებების გამო, რომელთაგანაც ორივე ცრუ აღმოჩნდა.

შსს-მ განაცხადა, რომ ნაღმის არსებობის თაობაზე ბოლო დროს გახშირებული ცრუ შეტყობინებების „პრევენციისთვის“, შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც „მნიშვნელოვნად გაამკაცრებს“ ამ დანაშაულისთვის გათვალისწინებული  სასჯელის ზომას; ამჟამად ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებისთვის მაქსიმალური სასჯელი სამ წლამდე პატიმრობაა; სასჯელი არ ვრცელდება 16 წლამდე პირებზე, რის გამოც შსს გამოდის წინადადებით, „სოლიდური ჯარიმა“ დაწესდეს არასრულწლოვანთა მშობლებისთვის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button