skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები წარადგინა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ვაკანტურ პოსტზე სამი კანდიდატი წარადგინა, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს.

პრეზიდენტის მიერ 9 სექტემბერს ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე დასახელებულ სამ კანდიდატს შორის არის არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფის მიერ რეკომენდირებული თამარ ჟვანია, რომელიც ამჟამად გაეროს განვითარების პროგრამის საარჩევნო პროექტებს ხელმძღვანელობს, ხოლო მანამდე, 2004-2007 წლებში სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების დირექტორი იყო.

კიდევ ორი კანდიდატია კონსტანტინე ამირეჯიბი, თბილისის ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, და ცესკოს თანამშრომელი მანუჩარ გამყრელიძე, რომელიც მანამდე ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყო.

ახლა ცესკოს პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნულმა წევრებმა,  ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნული წევრის გარდა, უნდა აირჩიონ ამ სამი კანდიდატიდან ერთ–ერთი. ამ პროცედურას ცესკოში ქართული ოცნების კოალიციაში შემავალი პარტიების მიერ დანიშნული 6 წევრიდან სულ ცოტა 4-ის მხარდაჭერა სჭირდება; თუმცა თუ ისინი ხუთ დღეში ვერ აირჩევენ ცესკოს თავმჯდომარეს, მაშინ პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს და უკვე დეპუტატებს მოუწევთ ახალი თავმჯდომარის არჩევა პრეზიდენტის მიერ დასახელებული იგივე სამი კანდიდატიდან.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button