skip to content
ახალი ამბები

ივანიშვილი: ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა გაზაფხულისთვის იგეგმება

პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ურმას პაეტთან ტალინში 8 სექტემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს მიზანია ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას 2014 წლის გაზაფხულზე მოეწეროს ხელი.

„ჩამოვედით ჩვენ მეგობარ ქვეყანაში, რომელიც წლების განმავლობაში მხარს გვიჭერს“, – განუცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, „ჩვენ ვაპირებთ, დავგეგმეთ დღეს, რომ გაზაფხულისთვის უკვე მოვაწეროთ ხელი ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას. ასეთი გეგმა ავირჩიეთ.  გუშინ გითხარით სიახლე, რომ არის ამის საშუალება“.

8 სექტემბერს ესტონეთში ორდღიანი ვიზიტის დაწყებამდე, ივანიშვილი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ლატვიას სტუმრობდა, სადაც ის რიგის კონფერენციის ფარგლებში ასევე შეხვდა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს რადოსლავ შიკორსკის. პოლონეთის პირველმა დიპლომატმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას შესაძლოა 2014 წელს მოაწეროს ხელი,  თუ საქართველო ყველა კრიტერიუმს დააკმაყოფილებს.

საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შესახებ  ხელშეკრულების ტექსტის პარაფირებას მოელის ნოემბრის ბოლოს ვილნიუსში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე.

ესტონეთში ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდება პრეზიდენტ თომას ჰენდრიკ ილვესს, პარლამენტის სპიკერს ენე ერგმას და პრემიერ–მინისტრ ანდრუს ანსიპს.

პრემიერ-მინისტრს ვიზიტის დროს თან ახლავს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი,  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო  მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი და  საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button