skip to content
ახალი ამბები

პრემიერ–მინისტრის ვიზიტები ლატვიასა და ესტონეთში

პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი 6 სექტემბერს ორდღიან ვიზიტს იწყებს ლატვიაში, ხოლო 8–9 სექტემბერს იგი ესტონეთს ეწვევა.

რიგაში 6 სექტემბერს დაგეგმილია პრემიერ–მინისტრის შეხვედრა თავის ლატვიელ კოლეგასთან ვალდის დომბროვსკისისთან, სადაც „უფრო ახლო ორმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობები და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმდინარე საკითხები იქნება განხილული“, იტყობინება ლატვიის პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაცია.

პრემიერ–მინისტრი ივანიშვილი ასევე შეხვდება ლატვიის პრეზიდენტს ანდრის ბერზინშს და პარლამენტის სპიკერს სოლვიტა აბოლტინას.
 
7 სექტემბერს საქართველოს პრემიერ–მინისტრი დაესწრება რიგის კონფერენციის დისკუსიას – “აღმოსავლეთის პარტნიორობა ვილნიუსიდან რიგამდე, გასავლელი გზა” და კონფერენციის დასკვნით დისკუსიას – “რა არის ევროკავშირის სტრატეგიული ხედვა.” დაგეგმილია მისი სიტყვით გამოსვლა კონფერენციაზე.

საქართველოს პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, რიგის კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია ივანიშვილის შეხვედრა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ შიკორსკისთან და  ეუთოს გენერალურ მდივან ლამბერტო ზანიესთან.

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ასევე მოინახულებს ლატვიის ოკუპაციის მუზეუმს.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი,  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო  მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი და  საქართველოს    ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია.

ლატვიიდან ქართული დელეგაცია ესტონეთში გაემგზავრება ორდღიანი ვიზიტით, სადაც პრემიერ–მინისტრი პრეზიდენტ თომას ჰენდრიკ ილვესს, პარლამენტის სპიკერს ენე ერგმას, პრემიერ–მინისტრ ანდრუს ანსიპს, საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას პაეტს და ეკონომიკურ საკითხთა და კომუნიკაციების მინისტრს იუჰან პარტს შეხვდება.

„განსახილველ საკითხებს შორის იქნება ორმხრივი ურთიერთობები, ორივე ქვეყნის სამეზობლოებში არსებული ვითარება, საქართველოს ევრო–ატლანტიკური ინტეგრაცია და სირიაში, ეგვიპტესა და ახლო აღმოსავლეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პარასკევს.

ესტონეთში საქართველოს დელეგაცია ICT Demo Center-ს ეწვევა. დელეგაცია ტალინის მახლობლად მდებარე მუუგას პორტსაც მოინახულებს.

დაგეგმილია ტურიზმის სფეროში ორმხრივი ხელშეკრულების ხელმოწერა საქართველოს და ესტონეთის ეკონომიკის სამინისტროების მიერ.

ლატვიასა და ესტონეთში ვიზიტამდე პრემიერ–მინისტრი ივლისში ლიტვას და პოლონეთს სტუმრობდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button