Placeholder canvas
ახალი ამბები

ივანიშვილი ევრაზიულ კავშირზე გაკეთებულ განცხადებას “განმარტავს”

პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა განაცხადა ხუთშაბათს გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებაში, რომ იგი გააკვირვა 4 სექტემბერს პრესკონფერენციის დროს „ევრაზიულ კავშირზე ჩემი პასუხის გარშემო ატეხილმა აჟიოტაჟმა“.

ივანიშვილის თქმით, მის განცხადებაზე „ზოგიერთი პოლიტიკოსის“ შეფასებები „საოცარია“, რადგანაც პოლიტიკაში მოსვლის დღიდან მან „ათასჯერ“ განაცხადა და 2 სექტემბერს თბილისში გამართულ ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას გაიმეორა, რომ ევროკავშირსა და ნატოში ინტეგერაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის „ქვაკუთხედია“.  

როდესაც 4 სექტემბერს პრესკონფერენციაზე ივანიშვილს დაუსვეს შეკითხვა, თუ რამდენად საინტერესო იქნება მისი აზრით საქართველოს შესვლა ევრაზიულ კავშირში, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა: „ევრაზიულ კავშირს რაც შეეხება, მე ყურადღებით ვუყურებ და ვსწავლობთ. ამ ეტაპზე არავითარი პოზიცია არ გაგვაჩნია. თუ პერსპექტივაში ვნახავთ, რომ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიისთვის ეს იქნება საინტერესო, რატომაც არა. ამ ეტაპზე  არა გვაქვს პოზიცია“.

„როგორც ჩანს, არიან ადამიანები, ვისთვისაც გუშინდელ ჩემს სიტყვებს განმარტება სჭირდება, ამიტომ კიდევ ერთხელ ვაცხადებ – თუ ევრაზიულ კავშირს რაიმე თანხვედრა ექნება ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან, ისე, რომ არ შეეწინააღმდეგება საქართველოს მიერ გაცხადებულ ძირითად სტრატეგიას, მომავალში ამ საკითხსაც განვიხილავთ. და კიდევ გავიმეორებ: რატომაც არა?!“ – წერს ივანიშვილი განცხადებაში.

„საქართველოს სჭირდება ურთიერთობების დალაგება როგორც მეზობელ ქვეყნებთან, ისე სტრატეგიულ პარტნიორებთან. ჩვენ, როგორც სახელმწიფო, ვალდებული ვართ მოვაწესრიგოთ ეს ურთიერთობები ყველასთან და, რა თქმა უნდა, რუსეთთანაც“, – ნათქვამია განცხადებაში.

„რაც შეეხება ამ თემაზე ატეხილ აჟიოტაჟს, ბუნებრივია, ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთ წარმომადგენელს აწყობს ამით მანიპულირება. მუდმივად მტრის ხატის შექმნა  მხოლოდ მათ სასიცოცხლო ინტერესებშია, რათა დამალონ ის ბრალეულობა, რომელიც მიუძღვით ქვეყნისა და ხალხის წინაშე“, – აცხადებს ივანიშვილი.

„კიდევ ერთხელ ვაცხადებ უკვე ათასჯერ გაცხადებულ  ქვეყნის ძირითად სტრატეგიას – ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას  საქართველოსთვის ალტერნატივა არა აქვს – ეს ჩვენი პოლიტიკის ქვაკუთხედია“, – განაცხადა ივანიშვილმა.

პრემიერ–მინისტრის 4 სექტემბრის განცხადების კომენტირებისას თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა ხუთშაბათს, რომ ეს საკითხი მთავრობას არ განუხილავს და არც დღის წესრიგში დგას.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button