
გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 29 აგვისტოს სომხეთის პრემიერ-მინისტრს ტიგრან სარქისიანს შეხვდა ერევანში ვიზიტის ფარგლებში.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ვაჭრობა; ასევე საუბარი შეეხო ერევანსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენის საკითხს.
შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილმა, მისი პრესსამსახურის თანახმად, განაცხადა, რომ საქართველო სომხეთთან ორმხრივად ხელსაყრელი საინვესტიციო პროგრამების რეალიზაციით არის დაინტერესებული.
„ჩვენ ძალისხმევა უნდა მივმართოთ ორმხრივი კავშირების განვითარებისა და გაფართოვებისკენ. ეს გამომდინარეობს ჩვენი ხალხების ინტერესებიდან. ჩვენ უნდა შევქმნათ ერთიანი სივრცე, რომელშიც ჩვენი ხალხები იმოქმედებენ თავისუფლად, ითანამშრომლებენ სხვადასხვა სფეროში, რაც შექმნის დიდ შესაძლებლობებს ეკონომიკური კავშირების გაღრმავებისთვის“, – განაცხადა ტიგრან სარქისიანმა მისი პრესსამსახურის თანახმად.
შეხვედრაზე ასევე მიაღწიეს შეთანხმებას უახლოეს მომავალში ქართულ-სომხური მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის ჩატარების თაობაზე.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი ასევე შეხვდა სომხეთის ეკონომიკის მინისტრს ვაგრამ ავანესიანსა და ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრს გაგიკ ბეგლარიანს.
This post is also available in: English Русский