ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართა მინარეთის დემონტაჟის წინააღმდეგ
28 აგვისტოს ბათუმის ცენტრში გაიმართა აქცია, სადაც გააპროტესტეს ადიგენის რაიონის სოფელ ჭელას მეჩეთიდან ხელისუფლების მიერ მინარეთის დემონტაჟი.
აქციის მონაწილეები, რომელთა შორის მუსლიმი თემის წარმომადგენლები ჭარბობდნენ, მინარეთის დაუყოვნებლივ დაბრუნებას ითხოვდნენ ჭელას მეჩეთთან. ზოგიერთ მომიტინგეს ეკავა ბანერები წარწერით „შორს ხელები ისლამისგან“.
მანამდე იმავე დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ბათუმის მეჩეთში მუსულმან ლიდერებს და მლოცველებს შეხვდა.
მას მუსლიმი თემის წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ შეურაცხყოფილი არიან ჭელაში განვითარებული მოვლენებით. ხაბაძეს ასევე მოსთხოვეს ყველა იმ ადამიანის დასჯა, რომლებიც მინარეთის ძალადობრივი დემონტაჟის უკან დგანან. მათივე თქმით, ხელისუფლებამ ბოდიში უნდა მოიხადოს მუსლიმი თემის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის გამო.
ხაბაძემ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან მუსლიმ თემს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის „ბევრი დანაპირები და ბევრი თხოვნა“ გადასცა; ამ დრომდე პრემიერს ჯერ არ გაუკეთებია არანაირი კომენტარი ან განცხადება მინარეთის დემონტაჟთან დაკავშირებით.
„ისიც აღვნიშნე, რომ პრემიერი მათ გვერდით არის და მსგავს გაუგებრობებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა ხაბაძემ, „[მინარეთის დემონტაჟი] მოულოდნელიც იყო, ნაჩქარევიც იყო, ვფიქრობ – ჩემი შეფასება ასეთია და ამას უნდა გამოსწორება და ერთად დგომა“.
საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთმა ჯემალ პაქსაძემ განაცხადა, რომ აჭარის მთავრობის მეთაურმა გადასცა „პრემიერის სიტყვები“, რომ „მეჩეთს დაუბრუნდება თავისი მინარეთი“.
„იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლება, ქართველი მუსლიმანების ამ ტკივილს, რომელზეც დღითიდღე, საათობრივად მღელვარება იზრდება, დაკმაყოფილდება და იმედს ვიტოვებთ, რომ მოგვარდება“, – განაცხადა პაქსაძემ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)