Placeholder canvas
ახალი ამბები

ხელისუფლების მიერ მინარეთის დემონტაჟმა მუსლიმთა თემის პროტესტი გამოიწვია



კადრი ახალციხის ადგილობრივი ტელევიზიის მე-9 არხის ვიდეოდან, სადაც ჩანს სოფელ ჭელას მეჩეთი და მისი მინარეთი, ვიდრე 26 მაისს ამ ნაგებობის დემონტაჟი მოხდებოდა.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სოფელ ჭელაში ადგილობრივებსა და პოლიციას შორის ორშაბათს დაპირისპირება მოხდა, რადგან სოფლის მაცხოვრებლები ცდილობდნენ ხელი შეეშალათ ხელისუფლებისთვის, რათა მეჩეთის 24-მეტრიანი მინარეთის დემონტაჟი არ განეხორციელებინათ.

რეგიონული გაზეთი „სამხრეთის კარიბჭე“ თავის ვებ-გვერდზე ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ პოლიციამ რამდენიმე ადამიანს სცემა და დაახლოებით თორმეტი პირი დააკავა და გადაიყვანა ახალციხის პოლიციის განყოფილებაში.

პატარა სოფელი ჭელა, ადიგენის რაიონში ახლომდებარე სხვა სოფლების მსგავსად, ეთნიკური ქართველებით არის დასახლებული – ზოგიერთი მათგანი აჭარიდან გადმოსახლებული მუსულმანია, ნაწილი კი რაჭის რეგიონიდან გადმოსახლებული მართლმადიდებელი ქრისტიანია.

თურქეთიდან ჩამოტანილი მინარეთი ჭელაში არსებულ მეჩეთთან ივლისში ააგეს. 20 აგვისტოს ადიგენის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც  მინარეთის მშენებლობა მოხდა უკანონოდ, ადგილობრივი ხელისუფლების ნებართვის გარეშე.

26 აგვისტოს სოფელი ჭელა ბლოკირებული იყო პოლიციის მიერ, რომელსაც სოფლის მიმართულებით გადაადგილება შეზღუდული ჰქონდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიცია დიდი ოდენობით იყო მობილიზებული სოფლის მეჩეთთან, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივების პროტესტის ფონზე მინარეთის დემონტაჟს ახორციელებდნენ.

ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, პოლიციასთან შეტაკებებს ჰქონდა ადგილი, რომლის დროსაც სულ ცოტა ექვსი ადგილობრივი იქნა ნაცემი და სულ ცოტა 11 დაკავებული; შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა რამდენიმე ადგილობრივი მაცხოვრებლის დაკავება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო.  ზოგიერთი მათგანი ორშაბათს მოგვიანებით გათავისუფლდა.

პოლიციამ მინარეთის დემონტაჟის შემდეგ სოფელი დატოვა. „სამხრეთის კარიბჭის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს დიდი სატვირთო მანქანა, რომელსაც მოხსნილი მინარეთი პოლიციის მანქანების თანხლებით გააქვს სოფლიდან.



კადრი "სამხრეთის კარიბჭის" ვიდეოდან, სადაც ჩანს სატვირთო მანქანას როგორ გადააქვს მინარეთის კონსტრუქცია, რომლის დემონტაჟიც სოფელ ჭელას მეჩედიდან 26 აგვისტოს განხორციელდა.

მას შემდეგ, რაც პოლიციამ სოფელი დატოვა, ადგილობრივი მუსლიმი თემის წარმომადგენლები ახალციხეში ჩავიდნენ და პოლიციის რეგიონული სამმართველოს შენობასთან პროტესტის გამოხატვა განაგრძეს.

„სალოცავის დანგრევა 21-ე საუკუნეში სად დაინახეთ?“, – უთხრა აქციის მონაწილემ პოლიციელებს, რომლებიც იცავდნენ პოლიციის ეზოს გარშემო არსებულ ღობეს. „ასე დაბრუნდება აფხაზეთი და ასე დაბრუნდება ოსეთი?“, – ამბობდა აქციის კიდევ ერთი მონაწილე.

ერთ მომენტში საპროტესტო აქციის მონაწილეები შეეცადნენ პოლიციის ტერიტორიაზე შეჭრას, რა დროსაც სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს.



კადრი "სამხრეთის კარიბჭის" ვიდეოდან, სადაც ჩანს, თუ როგორ ცდილობენ საპროტესტო აქციის მინაწილეები პოლიციის ახალციხის რეგიონული სამმართველოს შენობაში შეჭრას მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ 26 აგვისტოს სოფელ ჭელაში მეჩეთის მინარეთის დემონტაჟი მოახდინა.

თავდაპირველად, მინარეთის დემონტაჟის საფუძვლად ადიგენის საკრებულოს გადაწყვეტილება მიიჩნეოდა, რადგან მისი დასკვნით ეს ნაგებობა უნებართვოდ დაიდგა, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ამ ქმედების უკან ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იდგა.

ორშაბათს საღამოს შემოსავლების სამსახურმა წერილობითი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მინარეთის დემონტაჟი მისი ექსპერტიზის მიზნით განხორციელდა იმის დასადგენად, თუ რამდენად შეესაბამება მინარეთის კონსტრუქციის წონა და სასაქონლო კოდი იმ მონაცემებს, რომელიც 14 ივლისს საქართველოში მისი შემოტანისას საბაჟოზე იქნა დეკლარირებული. შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ გაუჩნდა „საფუძვლიანი ეჭვი“, რომ საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში მითითებული საქონლის არასწორ კლასიფიცირებას შესაძლოა იმპორტის გადასახადის ოდენობის შემცირება გამოეწვია.

„ვინაიდან მინარეთის კონსტრუქცის  წონა და სასაქონლო კოდი შესაძლოა არშეესაბამებოდეს დეკლარირებულ მონაცემებს, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით 26 აგვისტოს, მოხდა მისი დემონტაჟი. ამასთან აღსანიშნავია, რომ მინარეთის კონსტრუქციის დემონტაჟს და შემდგომ მისი აღდგენით სამუშაოებს უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახური“, – ნათქვამია განცხადებაში, „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური თხოვნით მიმართავს ადგილობრივ მოსახლეობას, ყველა დაინტერესებულ პირს, არ დაუშვან აღნიშნული ფაქტის პოლიტიზირება და შესაბამის სამსახურებს მიეცეთ საშუალება სწრაფად და სრულყოფილად ჩაატარონ სასაქონლო ექსპერტიზა“.

26 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში ქართველ მუსლიმთა კავშირმა დაგმო მინარეთის დემონტაჟი და მოუწოდა პრემიერ-მინისტრ ივანიშვილს “ყველაფერი იღონოს ბოლო პერიოდში მუსლიმების მიმართ დაძაბული ვითარების განმუხტვისათვის და უზრუნველყოს კონსტიტუციით გარანტირებული რწმენის თავისუფლების უპირობო დაცვა“.

„ასევე მნიშვნელოვანია პასუხი გაეცეს კითხვას, რამდენად წარმოადგენდა აუცილებლობას მინარეთის ამგვარი უხეში და პროვოკაციული ფორმით დემონტაჟი“, – განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ ქართველ მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელმა განცხადებაში, „მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები, რათა კანონის ფარგლებში აღდგენილი იქნას ჭელის მეჩეთის მინარეთი“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button