ახალი ამბები

ივანიშვილი მეცხრე არხის შესახებ კომენტარს აკეთებს

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის „სკეპტიკურად“ არის განწყობილი, რომ მისი ოჯახის კუთვნილ ტელეკომპანია მეცხრე არხს, რომელიც 19 აგვისტოდან ეთერში აღარ გადის, სერიოზული მყიდველი გამოუჩნდება.

„თუ იქნა სერიოზული მყიდველი, რა თქმა უნდა, მივესალმები და რაც ვთქვი პირობები, აუცილებლად დავიცავ. მე ეჭვი მეპარება. ეს ცარიელი ხმაურია პრინციპში, მე ასე მგონია, თუმცაღა ვნახოთ“, – განაცხადა ივანიშვილმა 22 აგვისტოს ჟურნალისტებთან კომენტარში.

მან არხის შეძენის პოტენციურ მსურველებზე კონკრეტული საუბრისაგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ამ საქმეს მის მიერ საგანგებოდ გამოყოფილი ჯგუფი კურირებს, რომელიც „საბანკო გარანტიის“ მქონე „ყველა სერიოზულ წინადადებას“ გაარჩევს და „არცერთ სერიოზულ მყიდველს უარი არ ეთქმება“.

ივანიშვილმა 19 აგვისტოს წერილობით განცხადებაში აღნიშნა, რომ ტელეკომპანიის გაყიდვის უშედეგო მცდელობების შემდეგ, მან არხის 1 სექტემბრისთვის დახურვა გადაწყვიტა; მან ასევე განაცხადა, რომ შესაძლებელი იყო ტელეკომპანიის გაყიდვა მისი საბაზრო ღირებულების მესამედ ფასში. ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში ტელევიზიის თანამშრომლებმა გადაწყვიტეს, რომ სექტემბრამდე აღარ გაეგრძელებინათ მუშაობა და მაუწყებლობა 19 აგვისტოს საღამოს შეწყვიტეს.

ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტების და არხის ხელმძღვანელობის ეს ქმედება გააკრიტიკა, როგორც „ძალიან სამწუხარო“, „გაუგებარი“ და „შოკისმომგვრელი“.  მან ასევე განაცხადა, რომ არხის ხელმძღვანელობა უმტკიცებდა, რომ ბევრი მყიდველი ჰყავდა ტელევიზიას, რასაც ის „სკეპტიკურად“ უყურებს.

მყიდველთა სიმრავლის შესახებ ტელეკომპანიის დირექტორმა ლუბა ელიაშვილმა გააკეთა განცხადება, რომელთა შორისაც მან მხოლოდ  „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი დაასახელა, რომლის კუთვნილ ტელევიზიასაც  სახელწოდებით „იბერია“ თავად ხელმძღვანელობდა 2004 წლამდე, ვიდრე ეს ტელეკომპანია დაიხურებოდა. 

ტელევიზიის შესაძენად კამპანიას აწარმოებს ასევე საზოგადოებრივი ჯგუფი, რომელიც ამ მიზნით მოქალაქეებს სააქციო საზოგადოების შექმნას და ინვესტიციების გაღებას სთავაზობს. ინტერნეტის მეშვეობით წამოწყებული ამ კამპანიის ინიციატორებმა, რომელთა შორის არის ასევე მეცხრე არხის დირექტორის ყოფილი მოადგილე ვასილ მაღლაფერიძე, უკვე ოფიციალურად მიმართეს ივანიშვილს მათი განზრახვის შესახებ.  

ამასთან, ლუბა ელიაშვილმა ხუთშაბათს ასევე განმარტა, რომ მეცხრე არხის მაუწყებლობის შეჩერებაზე გადაწყვეტილება მან "ერთპიროვნულად" მიიღო, ვინაიდან ჟურნალისტთა კორპუსი დემორალიზებული იყო არხის დახურვის გადაწყვეტილების გამო. 

„ჟურნალისტების რეაქცია იყო, ჩემი აზრით, არაპროფესიონალური“, – განაცხადა ივანიშვილმა, „ასე არ მოიქცეოდნენ პროფესიონალები, ვინც თავის პროფესიას პატივს სცემს, რომ განცხადების მერე ადგნენ და არხი მიახურეს. თუ პატივს სცემენ საკუთარ პროფესიას და ისინი ჟურნალისტები არიან, ასე არ უნდა მოქცეულიყვნენ“.

მან ასევე განაცხადა, რომ არხზე მომუშავე ადამიანების უმეტესობა თავის დროზე უმუშევარი იყო ან პროფესიით ჟურნალისტი არ იყო.

„არცერთი არ გადმოსულა არც CNN-დან, არც BBC-დან და არც სხვა ცნობილი ტელევიზიიდან. აბსოლუტური უმრავლესობა იყვნენ არაპროფესიონალი ჟურნალისტები და პროფესია გაიზარდეს თავის ჩვენთან… ხელფასს იღებდნენ და ახლა მამადლიან, რომ ჩვენ გამოგვიყენაო. უხელფასოდ იმუშავა ვინმემ თუ რა? ან სხვაზე ნაკლები ხელფასი ჰქონდა ვინმეს?“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, მეცხრე არხის შენახვას დაახლოებით 1 მლნ დოლარი სჭირდებოდა ყოველთვიურად და „მე ამას ვაკეთებდი მხოლოდ იმისთვის, რომ ჟურნალისტები არ დაზარალებულიყვნენ“.
 
„ეს ათი თვე 10 მლნ დოლარი მხოლოდ ჟურნალისტების გულისთვის დავხარჯე. მეტი არაფერი მიზანი არ მქონია. მე არაფერი დაკვეთები არ მიმიცია არც ადრე ჟურნალისტებისთვის და მითუმეტეს იმის შემდგომ, რაც ხელისუფლებაში მოვედით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ბიძინა ივანიშვილმა ორშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში ტელევიზიის დახურვის მოტივად დაასახელა ის, რომ ტელეკომპანიის ფლობა „უხერხულობას“ უქმნიდა და სურდა მისგან დისტანცირება მოეხდინა მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button