skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილს ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები ჯერ არ შეურჩევია

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატები ჯერ არ შეურჩევია, თუმცა აღნიშნა, რომ კანდიდატურები არასამთავრობო სექტორიდან უნდა იქნას წარდგენილი.

„მე მიმაჩნია, რომ კანდიდატი ჩვენ უნდა წარვადგინოთ არასამთავრობო სექტორიდან. უნდა წარვადგინოთ ისეთი კანდიდატები, ვიზეც ნამდვილად მთელი საზოგადოება იტყვის, რომ ესენი არიან მიუკერძოებელი და ობიექტური ადამიანები. აქ საერთოდ პოლიტიკური გადახრა არ უნდა იყოს“, – განაცხადა სააკაშვილმა 20 აგვისტოს ზოგიერთი მედიასაშუალების წარმომადგენლებთან თავის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ჯერ ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებით, თუმცა „ვიცნობ, დაახლოებით, ვინ მუშაობს ამ არასამთავრობო სექტორში, საერთაშორისო ორგანიზაციებში“.

„ვინც არის ყველაზე ავტორიტეტული, ვინც ხშირად ჩანს, ვისაც რაღაცა გაუკეთებია, იქიდან უნდა შეირჩეს ალბათ ეს ხალხი, ვინც არ შეუშინდება საჯაროდ ობიექტური პოზიციის დაფიქსირებას“, – განაცხადა მან, „ეს მნიშვნელოვანია ამ არჩევნებზე და ყველა შემდეგ არჩევნებზე საქართველოში“.    

ცესკოს თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 12 აგვისტოს ზურაბ ხარატიშვილი 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 11 კვირით ადრე თანამდებობიდან პოლიტიკაში წასვლის მოტივით გადადგა.

კანონმდებლობის თანახმად, პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარეობის სამი პრეტენდენტი ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შემდეგ უნდა შეარჩიოს და ვაკანსიის წარმოქმნიდან 15 დღეში წარადგინოს დასამტკიცებლად; შემდეგ ცესკოში პარტიების მიერ დანიშნულმა წევრებმა, გარდა ნაციონალური მოძრაობის წევრისა, 5 დღის ვადაში უნდა აირჩიონ სულ ცოტა 4 ხმით ახალი თავმჯდომარე; თუ ამ ვადაში ცესკოს თავმჯდომარე ვერ აირჩა, პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს და პრეზიდენტის მიერ წარდგენილი იმავე კანდიდატურებიდან საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს უკვე დეპუტატები აირჩევენ 7 დღის ვადაში. ცესკოს თავმჯდომარე პოსტს 5 წლის ვადით იკავებს.

ამასთან, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, კანონის თანახმად, შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს უპარტიო და ფლობდეს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატს სხვა საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button