
ორი ქართული ბატალიონი ავღანეთში გასამგზავრებლად ემზადება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზა „ჰოჰენფელსს“ სტუმრობს გერმანიაში, სადაც ავღანეთში განთავსების წინ ორი ქართული ბატალიონის მოსამზადებელი წვრთნები მიმდინარეობს.
აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვანი მზადყოფნის ცენტრში (JMRC) ISAF-ის მისიისთვის III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის და ბათუმის ცალკეული ქვეითი ბატალიონის ქართველი სამხედროების მოსამზადებელი წვრთნები მიმდინარეობს.
ეს უკვე მესამე განთავსება იქნება ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში 31–ე ბატალიონისთვის, რომელიც პირველი ქართული სამხედრო შენაერთი იყო, რომელიც ჰელმანდში 2010 წლის აპრილში ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად განთავსდა.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ევროპაში ამერიკის სახმელეთო ძალების სარდალს, გენერალ ლეიტენანტ დონალდ კემპბელს შეხვდება. იგი ასევე მოინახულებს ლანდშტულის რეგიონალურ სამედიცინო ცენტრს და ჰაიდელბერგის საავადმყოფოს ეწვევა, სადაც ავღანეთის მისიაში დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურეები გადიან მკურნალობას, იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
საქართველო სამხედრო ძალების კონტრიბუტორი ყველაზე მსხვილი ქვეყანა გახდა ნატოს არაწევრ სახელმწიფოებს შორის მას შემდეგ, რაც გასულ შემოდგომაზე თავისი სამხედროების რაოდენობა თითქმის გააორმაგა, რის შედეგადაც მათი რიცხვი 1 561–ს შეადგენს. საქართველოს ორი ბატალიონი ჰყავს ჰელმანდის პროვინციაში და დაახლოებით 50–მდე ჯარისკაცია განთავსებული ქაბულში ამერიკულ ბაზა ფენიქსზე. საქართველომ ავღანეთში 29 ჯარისკაცი დაკარგა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)