ახალი ამბები

მედვედევს საქართველოსთან ‘კეთილმეზობლური’ ურთიერთობების იმედი აქვს

აგვისტოს ომის მიუხედავად, ქართველი და რუსი ხალხი „ურთიერთსიმპათიას“ ინარჩუნებს და ორ ქვეყანას „კარგი“ ურთიერთობები უნდა ჰქონდეს, განაცხადა რუსეთის პრემიერ–მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“–თან ინტერვიუში.

ინტერვიუში, რომელიც გასულ კვირას შედგა და 6 აგვისტოს გავიდა ეთერში, მედვედევმა ორ ქვეყანას შორის ხუთი წლის წინ მომხდარ ომზე ისაუბრა და გაიმეორა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების თაობაზე ერთადერთი სწორი ნაბიჯი იყო მაშინ.

„ეს გადაწყვეტილება მე მივიღე; ამ კონკრეტულ სიტუაციაში ეს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებად მიმაჩნია. რა თქმა უნდა, ახლა ამ გადაწყვეტილების გადახედვის რაიმე პირობა არ არსებობს. ეს უბრალოდ ძალიან უხეში შეცდომა იქნებოდა“, – განაცხადა მედვედევმა, რომელიც აგვისტოს ომის დროს რუსეთის პრეზიდენტი იყო.

 „რაც შეეხება მომავალს, ეს მე არ ვიცი და არც არავინ იცის. მომავალი ხალხზეა დამოკიდებული – იმ ხალხზე ვინც თქვენთან ცხოვრობს, ქართველებზე, საქართველოზე მთლიანად, მათზე, ვინც იმ ტერიტორიებზე ცხოვრობს, რომელთაც ჩვენ საერთაშორისო სამართლის სუბიექტებად ვაღიარებთ“, – განაცხადა მედვედევმა იმ კითხვის საპასუხოდ შეცვლიდა თუ არა რუსეთი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების შესახებ საკუთარ გადაწყვეტილებას.

„ყველაფერი შეიძლება განვითარდეს ძალიან განსხვავებული სცენარებით, მაგრამ ეს უნდა ეფუძნებოდეს – საერთოდ, ნებისმიერი დაახლოება, ნებისმიერი დიალოგი – ხალხის ნებას და არა სამხედრო ძალას. თუ იქნება ერთობლივი სურვილი ნორმალური ცხოვრების და თანამშრომლობის დალაგების, რუსეთი ამას არასდროს შეუშლის ხელს“, – განაცხადა მან.

მედვედევმა განაცხადა, რომ მოსკოვს, რა თქმა უნდა, ესმის ყველა ის პოზიტიური სიგნალი, რომელიც საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისგან მოდის რუსეთთან ურთიერთობების თაობაზე, 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილების ჩათვლით.

როდესაც მას თავის ქართველ კოლეგასთან ბიძინა ივანიშვილთან იანვარში დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართული ხანმოკლე საუბრის შესახებ ჰკითხეს, მედვედევმა უპასუხა: „ჩვენ ხანმოკლე საუბარი გვქონდა – ნორმალური, მშვიდი, მეგობრული საუბარი“.

„მან [ივანიშვილმა] პრაგმატული პიროვნების შთაბეჭდილება დატოვა… რომელსაც, ბუნებრივია, თავისი ქვეყნისთვის სიკეთე და მისი აყვავება უნდა, რომელსაც საკუთარი პოლიტიკური ორიენტირები და პრიორიტეტები აქვს, მაგრამ რომელსაც ესმის, თუ როგორი ურთულესი მემკვიდრეობა ერგო წინამორბედი პოლიტიკოსებისგან“, – განაცხადა მედვედევმა.

„მე მიმაჩნია, რომ რა კონფლიქტებიც არ უნდა ყოფილიყო, მთავარი, რაც ჩვენ ხალხებს აკავშირებს, არ დაკარგულა – ეს არის ურთიერთსიმპათია და სურვილი, რომ მშვიდობიანად იცხოვრონ… ჩვენ უნდა გვქონდეს კეთილმეზობლური ურთიერთობები“.

იმავდროულად, პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში, რომ „რუსეთში ნოსტალგიური განწყობაა საქართველოს მიმართ და საქართველოშიც ნოსტალგიური განწყობაა რუსი ხალხის მიმართ“.

„ურთიერთობები აღდგება და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა ივანიშვილმა. „მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ურთიერთობები ჩვენს დიდ მეზობელთან აღდგეს. ვფიქრობ, ჩვენ წარმატებას მივაღწევთ“.

როდესაც მედვედევს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ „საზღვრის მოწყობის“ პროცესის შესახებ ჰკითხეს, მან უპასუხა „რუსთავი 2“–ს, რომ ეს კითხვა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას უნდა დაუსვან, რადგანაც ასეთი გადაწყვეტილები კრემლში არ მიუღიათ.

საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით მედვედევმა განაცხადა, რომ „რბილად რომ ვთქვათ, ჩვენ ამას არ მივესალმებით“.

„არა იმიტომ, რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს უფლება არ აქვს – ნებისმიერ ქვეყანას აქვს უფლება, თავად განსაზღვროს, თუ რომელ სამხედრო–პოლიტიკურ ალიანსში გაწევრიანდეს“, – განაცხადა მედვედევმა და დასძინა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება უბრალოდ არ შედის რუსეთის ინტერესებში და „ეს საქართველოსთვისაც ცუდია“.

როდესაც მას უთხრეს, რომ ეს ქართველი ხალხის არჩევანია, მედვედევმა უპასუხა: „ეს თქვენი არჩევანია. მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ამაზე უნდა დაფიქრდე, როდესაც ხმას აძლევ“.

კითხვაზე შეეცდება თუ არა რუსეთი ხელი შეუშალოს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას, მედვედევმა უპასუხა: „მხოლოდ თავად ნატოს შეუძლია ხელი შეუშალოს ამას“.

რუსეთის პრემიერ–მინისტრის თქმით, რუსეთს ხმის უფლება არ აქვს ნატოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში.  „მე მიმაჩნია, რომ ამაზე საქართველოს მოქალაქეებიც უნდა დაფიქრდნენ – რამდენად სასარგებლო იქნებოდა ევროპისთვის საქართველოს გაწევრიანება ნატოში?.. აქამდე მათ ასეთი სურვილი დიდად არ გამოუხატავთ“, – განაცხადა მედვედევმა.

როდესაც მას ევრაზიის კავშირის შესახებ ჰკითხეს, მედვედევმა განაცხადა, რომ „ეს კარგი საშუალებაა ჩვენი ეკონომიკების ინტეგრაციისთვის“

 „რატომ შეიძლება ეს საინტერესო იყოს როგორც საქართველოსთვის, ისე სხვა ქვეყნებისთვის? იმიტომ, რომ ჩვენ მეზობლები ვართ. ჩვენ და თქვენ, რაც არ უნდა მოხდეს, ვერასდროს ვიქნებით ამერიკის შეერთებული შტატების მეზობლები“, – განაცხადა მედვედევმა. „შეიძლება ვიყოთ პარტნიორები და უნდა ვიყოთ პარტნიორები, მაგრამ მეზობლები ვერ ვიქნებით. და მაინც, ეკონომიკური ინტეგრაციის უმაღლესი ხარისხი მაშინ მიიღწევა, როდესაც ხალხები მეზობლად ცხოვრობენ“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button