მარგველაშვილი მთავრობის ‘საგარეო პოლიტიკური წარმატების’ შესახებ
ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობამ უკვე მიაღწია „საგარეო პოლიტიკურ წარმატებას“ ერთი მხრივ ევროპასთან ურთიერთობების „გაღრმავებით“ და პარალელურად ქართული ღვინისა და მინერალური წყლების რუსულ ბაზარზე დაბრუნებით.
„ამ ხელისუფლებამ სულ რამდენიმე თვეში დაანგრია ის პარადიგმა, რომელსაც ცხრა წლის განმავლობაში თავში გვიტენიდნენ ყოფილი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური იდეოლოგები, რომ თურმე ევროპისკენ სვლა არის აუცილებლად რუსეთთან დაპირისპირების წინაპირობით… ჩვენ შევძელით და გავხსენით რუსეთის ბაზარი [ქართული ღვინისა და მინერალური წყლებისთვის] და ამ დროს არც ერთი იოტი არ არის დაკარგული ევროპასთან, ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დიალოგის და ურთიერთობების გაღრმავების“, – განაცხადა მარგველაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემაში „არგუმენტები თეა სიჭინავასთან“ 2 აგვისტოს და ასევე აღნიშნა, რომ ახალი ხელისუფლების დამსახურებაა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულება. საქართველო იმედოვნებს, რომ მისი პარაფირება ნოემბრის ბოლოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტზე მოხდება.
როდესაც მას რუსი სამხედროების მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ ღობეების და სხვა დაბრკოლებების აღმართვაზე ჰკითხეს, რაც უარყოფით გავლენას ახდენს მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, მარგველაშვილმა უპასუხა: „ჩვენ არ გვითქვამს, რომ ჩვენ ყველა პრობლემა უკვე გადავწყვიტეთ. უმნიშვნელოვანესი პრობლემა, რომელიც არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და საქართველოს დაცულობა, ჩვენს წინაშე დგას – ეს არის საბოლოო მიზანი … საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობებში ყოველთვის არის მიმდინარე პრობლემები“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)