უსუფაშვილი ხელისუფლების ხარვეზებზე საუბრობს
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ხელისუფლების მთელი რიგი „შეცდომები“ დასახელა, მათ შორის „ზედმეტი აქცენტების კეთება წარსულზე“ და გადაწყვეტილების მიღების ნელი ტემპი, რაც, მისი თქმით, გაურკვევლობას იწვევს და საზიანოა ეკონომიკისთვის.
მან ეს განცხადება 31 ივლისს ტელეკომპანია „მეცრე არხის“ გადაცემა "მთავარ კითხვაში" გააკეთა, როდესაც მას ეკონომიკური ზრდის შემცირების შესახებ ჰკითხეს. უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ეს უარყოფითი ტენდენცია ჯერ კიდევ 2012 წლის მესამე კვარტლიდან დაიწყო; თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ ამჟამინდელი ხელისუფლების მუშაობაში არსებული რამოდენიმე პრობლემა, ხელს უწყობს გაურკვევლობას, რაც ეკონომიკისთვის ხელსაყრელი არ არის.
„მე გეტყვით, რა არის ჩვენი შეცდომა, რომელიც რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოვასწოროთ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
„ეს არის ჩვენი მხრიდან, ახალი ხელისუფლების მხრიდან, ზედმეტი დროის ხარჯვა, ზედმეტი ენერგიის ხარჯვა, ზედმეტი აქცენტების კეთება წარსულზე. ჩვენ ეს უნდა გავიაზროთ. ყველას, მათ შორის ინვესტორებს უნდა დავანახოთ ჩვენი საქმით, სიტყვით, ყოველდღიური ცხოვრებით, რომ ჩვენ ხვალ რას ვაკეთებთ იმაზე ვფიქრობთ მეტს; ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა; ეს არის ერთ–ერთი ის საკითხი, რომლის გამო კრიტიკის ქარცეცხლი მოდის ხოლმე პირადად ჩემს და სხვების მიმართ [სავარაუდოდ მას რესპუბლიკური პარტია ჰქონდა მხედველობაში], რომ ‘ამათ უნდათ, რომ ვიღაცეები გადაარჩინონ’. არა, ბატონებო, მე არ მინდა, რომ იმ ხალხმა ჩაგვიყოლოს თან და მიხეილ სააკაშვილზე ლაპარაკს გადავაყოლოთ შემდეგი ცხრა თვე კიდევ. ამის შემხედვარე ბიზნესმენი, რომელიც ფიქრობს, რომ ‘ეს არის ძირითადი თემა ამ ქვეყნის, თუ ამ ხალხს აინტერესებს როგორ უნდა მოგვარდეს აქტუალური პრობლემები?’, – განაცხადა უსუფაშვილმა.
მისი თქმით, დაუყონებლივ უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება, თუ როგორ აპირებს ამჟამინდელი მთავრობა ისეთი სერიოზული საკითხების მოგვარებას, როგორიცაა სადავო ქონების საკუთრება, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში ჩამოართვეს ყოფილ მესაკუთრეებს.
„ცხრა თვე გავიდა არჩევნების შემდეგ, რაც ხელისუფლებამ აიღო პასუხისმგებლობა ამ თემებზე. ჩვენ კეთილი უნდა ვინებოთ და ან გამოვიძიოთ, რაც გამოსაძიებელია, ან გავჩერდეთ და გავაგრძელოთ ცხოვრება წინ… ადამიანები თუ იქნებიან მუდმივი დაძაბულობის ქვეშ, ჩვენ ვერასოდეს ვერანაირ სამართლიანობას ვერ აღვადგენთ. მე რას ვამბობ: ცხრა თვე ან კი ბატონო, ერთი წელი, არის საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ ჩამოვყალიბდეთ, რა პასუხს ვაძლევთ იმ კონკრეტულ საკითხზე ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ მათი კერძო საკუთრება იქნა შელახული. ის საკუთრება ხომ ვიღაცის ხელშია, რომელიც ელოდება ‘ეხლა რა იქნება, წამართმევენ, დამიტოვებენ და რაღაც ჯარიმას დამაკისრებენ. ეს სადავო საკითხები, რაც ბიზნესებს ეხება თუ სხვა საკუთრებას, ხომ არ აორთქლებულა. ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ და მკაფიოდ ვუთხრათ ყველას, რომ აი ეს იქნება. ყველაზე დამღუპველი ბიზნესისთვის, ინვესტორისთვის არის გაურკვევლობა“, – განაცხადა მან.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ ზოგადად ხელისუფლებამ „მეტი სიცხადე“ უნდა შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკურ გეგმებში.
„შემდეგი პრობლემა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ და რაც შეიძლება სწრაფად გამოვასწოროთ, არის გადაწყვეტილებების მიღების ნელი ტემპი – პარლამენტშიც და მთავრობაშიც“, – განაცხადა უსუფაშვილმა. „გადაწყვეტილებები ჩვენ უნდა მივიღოთ გაცილებით უფრო სწრაფად“.
მისი თქმით, ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში გადაწყვეტილების მიღების ნელ ტემპს თავისი „ობიექტური მიზეზები“ გააჩნია. მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს გადაწყვეტილებები ვიწრო წრეში მიიღებოდა, რის გამოც ეს პროცესი უფრო სწრაფი იყო, მაგრამ „დემოკრატიული პროცედურების დანერგვის პროცესში“ გადაწყვეტილების მიღების პროცესი უფრო მეტ დროს ითხოვს.
„მაგრამ არ უნდა გაგვექცეს [სიტუაცია] მეორე უკიდურესობისკენ“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ არ შეიძლება რამდენჯერმე ხდებოდეს ერთი და იგივე თემის განხილვა გადაწყვეტილების მიღების გარეშე. „ეს არის სერიოზული თემა, რომელზეც ვმუშაობთ“.
მან ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ეკონომიკაში არსებული სიტუაცია „საგანგაშო არ არის“, პარლამენტი დაიბარებს მთავრობის ეკონომიკურ გუნდს, რათა განიხილონ წლის მეორე ნახევრისთვის დაგეგმილი ამოცანები და აგრეთვე ის, თუ როგორ გახადონ პოლიტიკა და გარემო უფრო პროგნოზირებადი.
როდესაც მას ჰკითხეს უწყობდა თუ არა გაურკვევლობას ხელს პრემიერ–მინისტრ ივანიშვილის გეგმა 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გადადგომის თაობაზე, უსუფაშვილმა უპასუხა: „რაც შეეხება პრემიერ–მინისტრის გეგმებს, მე მინდა სრული პასუხისმგებლებით განვაცხადო, რომ ეს არ არის გეგმა. ჩვენ ამაზე შეთანხმებული ვართ, რომ სანამ ეს მოსაზრებები გეგმად იქცევა, ჩვენ სერიოზულად ვისაუბრებთ“.
სულ ბოლოს პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა ვადამდელი გადადგომის შესახებ EUobserver.com-თან ინტერვიუში ისაუბრა, სადაც მან განაცხადა, რომ იგი „ახალ წლამდე“ დატოვებდა პრემიერ–მინისტრის პოსტს.
თუმცა, უსუფაშვილმა აღიარა, რომ ხშირი საუბრები პრემიერ–მინისტრის ვადამდელი გადადგომის შესახებ ხელსაყრელი არაა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)