
ბაქრაძე ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატი გახდა
როგორც მოსალოდნელი იყო, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, დეპუტატი დავით ბაქრაძე ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტი კანდიდატი გახდა 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებისთვის მას შემდეგ, რაც ის შაბათს პრაიმერის გამარჯვებულად გამოცხადდა.
ნაციონალურმა მოძრაობამ ექვს ეტაპად ჩაატარა პრაიმერი ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში, რომლის დროსაც კანდიდატობის ოთხ პრეტენდენტს შორის დებატები იმართებოდა; თითოეული კონფერენციის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის დელეგატები თავიანთ სასურველ კანდიდატს კენჭს უყრიდნენ. ბაქრაძემ ექვსივე კონფერენციაზე გაიმარჯა, მათ შორის 27 ივლისს თბილისში გამართულ პრაიმერის შემაჯამებელ შეხვედრაზეც.
გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ წარმოთქმულ სიტყვაში ბაქრაძემ რამდენიმე ძირითადი პუნქტი გაახმოვანა, რომელზეც იგი თავისი საპრეზიდენტო კამპანიის დროს გააკეთებს აქცენტს.
თავისი გამოსვლა ბაქრაძემ, რომელიც 2008–2012 წლებში პარლამენტის თავმჯდომარე იყო, იმის ხაზგასმით დაიწყო, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ საკუთარი კანდიდატი ღია, დემოკრატიული პრაიმერის გზით შეარჩია, განსხვავებით ქართული ოცნებისაგან. მისი თქმით, განათლების ყოფილი მინისტრი, გიორგი მარგველაშვილი ქართულმა ოცნებამ პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან მისი პირადი, ახლო ურთიერთობების გამო დაასახელა.
მისი თქმით, ქართული ოცნებისგან განსხვავებით, ნაციონალური მოძრაობა არასდროს დაადგება შურისძიების გზას.
„მივმართავ პრეზიდენტობის ყველა კანდიდატს: არც ერთმა ჩვენგანმა არ იცის ჯერ, ვინ იქნება საქართველოს მომავალი პრეზიდენტი. ამიტომ მოდით, სწორედ ახლა შევთანხმდეთ იმაზე, რომ რომელი ჩვენგანიც არ უნდა იყოს ეს, ახალი პრეზიდენტის ამოცანა იქნება ძალადობის და სიძულვილის დამარცხება ქართულ პოლიტიკაში“, – განაცხადა ბაქრაძემ.
მისი თქმით, მომავალი პრეზიდენტის მთავარი ამოცანა უნდა იყოს „გააკონტროლოს მთავრობა ხალხთან ერთად, რომ საკუთარი ენერგია და რესურსი მთავრობამ დახარჯოს საარჩევნო დაპირებების შესასრულებლად“.
„მომავალი კვირიდან მე ვაპირებ დავიწყო შეხვედრები ხალხთან, რომელსაც პირობითად ვუწოდებ “შეუსრულებელი დაპირებების” ტურს – ამ შეხვედრებზე მე მოვუსმენ ხალხს და ერთად ვისაუბრებთ იმ დაპირებებზე, რაც გასცა ხელისუფლებამ და რომელიც დღემდე არ არის შესრულებული; ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ უნდა დაეხმაროს ახალი პრეზიდენტი ხალხს; ვისაუბრებთ იმაზე, როგორ წავიყვანოთ წინ ჩვენი სამშობლო“, – განაცხადა ბაქრაძემ.
„იმედი მაქვს, საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერობის 10 თვის განმავლობაში მე დავამტკიცე, რომ შემიძლია ერთდროულად ვიყო კრიტიკულიც და კომპრომისულიც, მწვავეც და კონსტრუქციულიც, შემიძლია მოვთხოვო ხელისუფლებას საქმის გაკეთება და ამავე დროს შემიძლია დავეხმარო კიდეც მას ამ საქმის გაკეთებაში“, – განაცხადა მან.
ბაქრაძემ განაცხადა, რომ იგი მზად არის, რომ საპრეზიდენტო კანდიდატებთან ტელედებატებისთვის, თუმცა ამავე დროს, მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ერთი ერთზე დებატები გაიმართოს მას და ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატს, გიორგი მარგველაშვილს შორის, რომლებიც, ბაქრაძის თქმით, ძირითადი საპრეზიდენტო კანდიდატები არიან.
„აუცილებელია, “ქართული ოცნების” კანდიდატმა დაამტკიცოს, რომ მისი მთავარი ღირსება არა მხოლოდ პრემიერთან პირადი მეგობრობაა; აუცილებელია, დაამტკიცოს, რომ პრეზიდენტობის შემთხვევაში ის არ იქნება მხოლოდ მთავრობის მეგობარი და მარიონეტი – ამ ყველაფრის ჩვენების საუკეთესო გზა კი ის დებატებია, რომელსაც მე მას ვთავაზობ“, – განაცხადა ბაქრაძემ.
თავის გამოსვლაში ბაქრაძემ ხაზი გაუსვა, რომ ნაციონალური მოძრაობა ერთიანი რჩება და იმისათვის, რომ წინ წავიდეს, პარტიამ წარსული ობიექტურად უნდა შეაფასოს.
„დღეს ამ ერთიანობას სჭირდება ჯანსაღი ბაზისი“, – განაცხადა მან, „ჩემი ხედვით, ეს ჯანსაღი ბაზისია მაქსიმალური გულწრფელობა და ობიექტურობა ჩვენს ხალხთან ურთიერთობაში; ჩვენ უნდა შევძლოთ, ობიექტურად შევაფასოთ წარსული – უამრავი კარგი და მნიშვნელოვანი გაკეთდა წინა წლებში, ფაქტიურად შეიქმნა და აშენდა ქართული სახელმწიფო. ჩვენ უნდა ვიამაყოთ ჩვენი წარსულით და გაკეთებული საქმეებით“.
„მაგრამ იმისთვის, რომ ვიამაყოთ წარსულით, ასევე თვალი უნდა გავუსწოროთ წარსულის შეცდომებს, პრობლემებს თუ დანაშაულებს; გულწრფელად და ობიექტურად შევაფასოთ ყველაფერი და ამით ვაჩვენოთ ჩვენს ხალხს, რომ ვსწავლობთ და ვვითარდებით“, – განაცხადა ბაქრაძემ.
„დღეს ბევრი მეკითხება – ‘ვთქვათ, მოგეცით ხმა. ნიშნავს ეს, რომ დაბრუნდება ძველი ნაციონალური მოძრაობა, ძველი, უცვლელი პოლიტიკით?’ მინდა დღეს, ყველა თქვენგანთან ერთად მკაფიოდ განვაცხადო: ნაციონალური მოძრაობის ძალა განახლების სურვილსა და პოლიტიკურ ნებაშია. ჩვენ მოგვაქვს წარსულიდან ცოდნა, გამოცდილება, პატრიოტიზმი, ენერგია, ყველაფერი ის, რისთვისაც ხალხი მხარს უჭერდა ამ პარტიას. მაგრამ სამუდამოდ წარსულში ვტოვებთ ყველაფერს, რაც დღეს საზოგადოებას ჩვენ შეცდომებად მიაჩნია“, – განაცხადა მან.
ნაციონალური მოძრაობის ბოლო კონფერენცია პრაიმერის ფარგლებში საგამოფენო ცენტში „ექსპო ჯორჯია“ გაიმართა, სადაც ნაციონალური მოძრაობის მოწინააღმდეგეებმა აქცია გამართეს; მათ პოლიციამ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა. აქციის ორი მონაწილე დააკავეს.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რეგისტრაციისთვის უკვე მიმართა 25–მა პოტენციურმა კანდიდატმა (ორ მათგანს ცესკომ რეგისტრაციაზე უარი განუცხადა); მათი უმეტესობა ნაკლებადაა ცნობილი საზოგადოებისთვის.
მარგველაშვილის და ბაქრაძის გარდა საპრეზიდენტო არჩევნებში ასევე მიიღებენ მონაწილეობას პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე; ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი გიორგი თარგამაძე; ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი და ლეიბორისტული პარტიის ყოფილი წევრი ნესტან კირთაძე.
This post is also available in: English Русский