skip to content
ახალი ამბები

თბილისის საკრებულოში საკადრო ცვლილებები დაიწყო

თბილისის საკრებულომ, ნაციონალური მოძრაობის დეპუტაციის ბოიკოტის ფონზე, 19 ივლისს გამართულ სხდომაზე  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ახვლედიანი და 13 მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე ნაციონალური მოძრაობიდან თანამდებობებიდან გადააყენა მას შემდეგ, რაც თვის დასაწყისში პრეზიდენტ სააკაშვილის პარტიამ დედაქალაქის საკრებულოზე კონტროლი დაკარგა. 

ვაკანტური თანამდებობების შესავსებად კონსულტაციები 26 ივლისამდე გაგრძელდება – ამ დღეს საკრებულოს მორიგი სხდომაა დანიშნული, რა დროსაც ასევე დადგება საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ სამადაშვილის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი.

საკრებულოს ახალ თავმჯდომარედ ირაკლი შიხიაშვილის კანდიდატურა განიხილება, რომელიც ნაციონალური მოძრაობიდან ქართულ ოცნებაში 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გადავიდა.

ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ შიხიაშვილს მხარს არ დაუჭერს. მისი 22-წევრიანი დეპუტაცია არც საკრებულოს დღევანდელ სხდომას არ დასწრებია. საკრებულოს თავმჯდომარის აწ უკვე ყოფილმა მოადგილემ მამუკა ახვლედიანმა განაცხადა, რომ სხდომა არალეგიტიმური იყო, ვინაიდან  მისი მოწვევა წესების დარღვევით მოხდა. ეს ბრალდებები მისმა ოპონენტებმა უარყვეს.

საკადრო ცვლილებები განპირობებულია საკრებულოში შექმნილი ახალი რეალობით, რაც გამოიხატება იმაში, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ თბილისის საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა. ნაციონალური მოძრაობის 38-წევრიანი უმრავლესობა ოქტომბრის შემდეგ ეტაპობრივად სულ 16-მა დეპუტატმა დატოვა.

ამჟამად უმრავლესობით არც ქართული ოცნების მხარდამჭერი ფრაქციები არ არიან წარმოდგენილნი საკრებულოში, რომელიც სულ 47 წევრს აერთიანებს. თუმცა საკრებულოს „არანაციონალ“ წევრებს შორის ინტერფრაქციულ ფორმატში ბოლო პერიოდში გამართულმა კონსულტაციებმა საკადრო ცვლილებები შესაძლებელი გახადა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button