ახალი ამბები

საქართველომ და ვანუატუმ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს

საქართველომ და ვანუატუმ დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რამაც, თბილისის თქმით, წერტილი დაუსვა იმ გაუგებრობას, რომელიც არსებობდა წყნარი ოკეანის ამ კუნძულოვანი სახელმწიფოს მიერ სეპარატისტული აფხაზეთის აღიარებასთან მიმართებაში.

დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმში, რომელსაც გაეროს შტაბბინაში 12 ივლისს მოაწერეს ხელი საქართველოსა და ვანუატუს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა, საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ხაზგასმულია, რომ "ვანუატუს რესპუბლიკა აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მისი რეგიონების – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ჩათვლით".

„აღნიშნული ფაქტი ცხადყოფს ვანუატუს გადაწყვეტილებას, საბოლოოდ დაუსვას წერტილი საკითხის ირგვლივ მანამდე არსებულ გაუგებრობას და წარმოადგენს მისი მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემის ცალსახა დადასტურებას“, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

წყნარი ოკეანის ამ პატარა კუნძულოვანი სახელმწიფოს მიერ სეპარატისტული აფხაზეთის აღიარების ირგვლივ გაურკვევლობას ჰქონდა ადგილი.

ვანუატუმ სეპარატისტული აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2011 წლის მაისში აღიარა, თუმცა 2011 წლის ივნისში მთავრობის შეცვლის შემდეგ ეს გადაწყვეტილება უკან წაიღო;  შემდეგ კი ერთმა ადგილობრივმა ოფიციალურმა პირმა თითქოსდა დაადასტურა ეს აღიარება. თუმცა, 2011 წლის ივნისში ვანუატუ იმ ქვეყნებს შორის იყო, რომელთაც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს მიერ ინიცირებულ იმ რეზოლუციას დაუჭირეს მხარი, რომელიც აღიარებს ყველა დევნილის და ლტოლვილის უფლებას დაბრუნდნენ სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ამასთან, 2012 წლის აპრილში რუსეთის მიერ გამოქვეყნებულ სიაში, სადაც ის ქვეყნები ფიგურირებდნენ, რომელთაც აფხაზეთი აღიარეს, ვანუატუც იყო ჩამონათვალში.

2013 წლის მარტში ვანუატუს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო, რომ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა სეპარატისტულ აფხაზეთთან. მაისში ვანუატუს პრემიერ-მინისტრთან მოანა კარკასესთან შეხვედრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა მას აფხაზეთის აღიარების უკან წაღების გამო.

რუსეთთან ერთად საქართველოს სეპარატისტული რეგიონები აღიარებული აქვთ ნიკარაგუას, ვენესუელას და წყნარი ოკეანის კიდევ ორ კუნძულოვან სახელმწიფოს –  ნაურუს და ტუვალუს.

მიესალმება რა ვანუატუსთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას, საქართველო „გამოთქვამს იმედს, რომ ვანუატუს ამგვარი გადაწყვეტილება მაგალითი გახდება ოკეანეთის რეგიონის იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებმაც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევის გზით აღიარეს საქართველოს ოკუპირებული რეგიონები“, აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button