ახალი ამბები

განათლების მომავალი მინისტრი დასახელდა



განათლების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ სანიკიძე სავარაუდოდ გიორგი მარგველაშვილს შეცვლის განათლების მინისტრის პოსტზე. ფოტო: განათლების სამინისტრო

განათლების მინისტრმა და ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა კვირას, რომ გადადგომის შემდეგ, მას მინისტრის პოსტზე თავისი პირველი მოადგილე თამარ სანიკიძე შეცვლის.

მან ეს განცხადება 14 ივლისს „გურია ნიუსთან“ საუბრისას გააკეთა ჩოხატაურის რაიონში პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან ერთად სტუმრობისას.

სანიკიძე, რომელიც აგვისტოში 35 წლის გახდება, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) ფინანსური დირექტორი იყო, სანამ 2012 წლის ოქტომბერში განათლების მინისტრის პირველი მოადგილე გახდებოდა.  მარგველაშვილი GIPA–ს რექტორი იყო, სანამ 2012 წლის ოქტომბერში განათლების მინისტრის პოსტს დაიკავებდა.

მარგველაშვილმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ მიუხედევად იმისა, რომ კანონი არ ავალდებულებს  დატოვოს მინისტრის პოსტი საპრეზიდენტო კამპანიის დროს, იგი გადადგება, რათა დაამკვიდროს ახალი სტანდარტი და არავის მისცეს იმის თქმის საშუალება, რომ კამპანიის დროს მის მიერ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება ხდება.

ეს უკვე მეორე ცვლილება იქნება პრემიერ–მინისტრ ივანიშვილის მთავრობაში მას შემდეგ. რაც კოალიცია ქართული ოცნება 2012 წლის ოქტომბერში ხელისუფლებაში მოვიდა. სოფლის მეურნეობის მინისტრს დავით კირვალიძეს გადადგომა მოუწია მას შემდეგ, რაც რამდენიმე თანამშრომელი მისი სამინისტროდან მაისის დასაწყისში სავარაუდო კორუფციის ბრალდებით დააკავეს. სასამართლო ამ საქმეზე ჯერ არ გამართულა.

სანიკიძეს, რომელიც მთავრობის მეოთხე ქალბატონი წევრი იქნება, პარლამენტის დამტკიცება არ სჭირდება თანამდებობის დასაკავებლად. პარლამენტის თანხმობა მხოლოდ იმ შემთხვევაშია საჭირო, როდესაც მთავრობის წევრთა ერთი მესამედი იცვლება.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button