skip to content
ახალი ამბები

ივანიშვილი ბათუმში ფულეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი 11 ივლისს ბათუმში ევროკომისარს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში შტეფან ფულეს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ევროკომისარმა განაცხადა, რომ მას „ძალიან გულწრფელი და ნაყოფიერი“ საუბარი ჰქონდა პრემიერ-მინისტრთან, რომელიც შეეხო ორმხრივი ურთიერთობების დატვირთულ დღის წესრიგს, მათ შორის ნოემბრის ბოლოს დაგეგმილ ვილნიუსის სამიტს.

საქართველო იმედოვნებს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება მოხდება, რომელიც ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას.

„ჩვენ ორივე ვიმედოვნებთ, რომ შეგვეძლება ამ ხელშეკრულების დასრულება და პარაფირება ვილნიუსის სამიტზე“, – განაცხადა ფულემ.

პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობის "თვისობრივად ახალ ეტაპზე" გადადის, რაც „შეუქცევადს გახდის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას“ და „დიდი იმედი“ გამოთქვა, რომ ვილნიუსის სამიტი იქნება „ისტორიული“.

ევროკომისარმა ხაზი გაუსვა საქართველოში „კონსტრუქციული კოჰაბიტაციისა და თანამშრომლობის“ მნიშვნელობას ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის.

„მე ასევე გავუსვი ხაზი იმის უზრუნველყოფის მნიშვნელობას, რომ მართლმსაჯულება უნდა იყოს სამართლიანი და თავისუფალი ნებისმიერი პოლიტიკური ჩარევისგან. მივესალმები საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნას უზრუნველყოს, რომ სამართალწარმოება გამჭირვალე იქნება და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების სრული პატივისცემით განხორციელდება. მნიშვნელოვანია, რომ ეს ვალდებულება პოლიტიკოსების საჯარო განცხადებებში და მათ ქმედებებში აისახოს. ეს ასევე გულისხმობს უდანაშაულობის პრეზუმპციის მიმართ ღრმა პატივისცემას, თუმცა, რა თქმა უნდა, დაუსჯელობა არ უნდა იქნას დაშვებული“, – განაცხადა ფულემ.  

მან ასევე განაცხადა, რომ პატივს სცემს ქართველი ხალხის სურვილს, რომ წარსულში ჩადენილი კანონდარღვევები იქნას გამოძიებული და იმედი გამოთქვა, რომ ეს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების და ევროპული ღირებულებების შესაბამისად გაკეთდება.

ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი ხელისუფლება „კოჰაბიტაციის პროცესის ერთგულია“ და ამის დასტურად გასულ შაბათს ურეკში გამართული შეხვედრა მოიყვანა, როცა მან თავის კერძო რეზიდენციაში პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან ერთად ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერთან და პოტენციურ საპრეზიდენტო კანდიდატთან დავით ბაქრაძესთან გამართა მოლაპარაკებები.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ევროკავშირისა და პირადად ევროკომისარ ფულეს ძალისხმევას, რომელიც რეგიონში დემოკრატიის განვითარების მხარდაჭერისკენ არის მიმართული.

ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები წარმოაჩენს, რომ „დემოკრატიის მშენებლობის თვალსაზრისით ახალი ხელისუფლების პირობებში ჩვენი ქვეყანა წინ მიდის“.

ევროკომისარმა განაცხადა, რომ ის "ძალიან აფასებს" პრემიერ-მინისტრის იმ განცხადებას, რომელიც მან გუშინ საპრეზიდენტო კამპანიასთან დაკავშირებით გააკეთა და რომელშიც ფულეს შეფასებით, სწორი აქცენტები იყო დასმული.   

ევროკომისარმა ასევე განაცხადა, რომ „საჭიროა, რომ კვლავ ვიხილოთ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი გაძლიერება, პოლიტიკური პლურალიზმის ხელშეწყობა და მედიის თავისუფლება“.

ევროკომისარი საქართველოს 9 ივლისს ესტუმრა და პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდა, შემდეგ ის სომხეთში გაემგზავრა, რის შემდეგაც ბათუმს ეწვია, სადაც 12 ივლისს მონაწილეობას მიიღებს მე-10 საიუბილეო  საერთაშორისო კონფერენციაში „საქართველოს ევროპული გზა: ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორები – ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისკენ“.

დღეს შტეფან ფულემ ასევე გამართა შეხვედრები საქართველოს მთავრობის სხვა წევრებთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button