ახალი ამბები

ბოკერია არჩევნებთან დაკავშირებით ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე

უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ, რომელიც ასევე სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორის კომისიას ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ თუ ქვეყანაში „ძალადობრივი ფონი“ არ შეიცვალა, საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია „ძალიან რთულად“ წარიმართება.

მან ეს განცხადება პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადების საპასუხოდ გააკეთა. ივანიშვილმა 10 ივლისს თავის ვიდეო-მიმართვაში განაცხადა, რომ მის მთავრობას აქვს სურვილი 27 ოქტომბერს სამაგალითო საპრეზიდენტო არჩევნები ჩაატაროს და აღნიშნა, რომ სახელისუფლებო და ადმინისტრაციული სისტემა მთლიანად იქნება მიმართული თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად. მან ასევე მოუწოდა სამართალდამცავებს, რომ თუ უკიდურესი აუცილებლობა არ იარსებებს, თავი შეიკავონ საარჩევნო კამპანიაში ჩართული პირების დაკავებებისგან. 

„მთავარი, როგორც ყოველთვის, არის რა საქმე მოყვება ამ სიტყვას იმიტომ, რომ დღეს არსებული ვითარება, რასაც ჩვენ ყველანი ვხედავთ, არის აბსოლუტურად საპირისპირო იმისი, რაზეც პრემიერ-მინისტრი საუბრობს თავის განცხადებაში“, – განუცხადა ბოკერიამ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ქვეყანაში არსებული „ძალადობრივი“ ფონი, რაც როგორც მან აღნიშნა, პოლიტიკური ოპონენტების დევნაში და ზეწოლაში გამოიხატება, „არის შეუთავსებელი თავისუფალ და სამართლიან არჩევნებთან“.

„აი ამ ფონზე ჩატარება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების იქნება ძალიან პრობლემატური და ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის მომავალ არჩევნებს“, – განაცხადა მან, „მე ვიმედოვნებ, რომ ამ განცხადებას მოჰყვება რეალურად ამ კურსის შეცვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გვექნება საქმე ძალიან რთულ წინასაარჩევნო პროცესთან, რომელიც ქართულ დემოკრატიას საფრთხის წინაშე დააყენებს“.

 

 

Back to top button