ახალი ამბები

სააკაშვილი: წარმოადგინონ კბილაშვილის გათავისუფლების საკითხი და დღესვე დავაკმაყოფილებ

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის მზად არის დღესვე დააკმაყოფილოს მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შუამდგომლობა, თუ მას შესაბამისი თხოვნით იუსტიციის მინისტრი მიმართავს.

„მთავრობას, იუსტიციის მინისტრს, პრემიერის დავალებით, დღესვე შეუძლია წარმოადგინოს ბატონი კბილაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი და მე დღესვე დავაკმაყოფილებ. თუ ეს არ არის საბავშვო ბაღი და თამაშები, წარმოადგინონ და დავაკმაყოფილებ, ოღონდ იმედია ბატონი კბილაშვილი ასევე მოყვება და იგივე ბედუკაძე  რამდენად გაიყიდა, როგორ გაიყიდა… რატომ იყო ეს დანაშაულები ამდენი ხანი დაფარული და რატომ არიან მისი შემსრულებლები ასე წახალისებულები ფინანსურადაც და იურიდიულადაც“, – განაცხადა მან  ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისართან შტეფან ფულესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი კრიტიკის სამიზნე გახდა მას შემდეგ, რაც მისი შუამდგომლობით სასამართლომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან სრულად გაათავისუფლა პატიმართა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული ვლადიმერ ბედუკაძე, რომლის მიერ გლდანის მე-8 საპყრობილეში გადაღებული პატიმართა დამამცირებელი მოპყრობისა და გაუპატიურების შოკისმომგვრელი ფირები პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა.

კბილაშვილს ბედუკაძესთან დადებული საპროცესო გარიგების გადასინჯვისკენ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 8 ივლისს მოუწოდა, თუმცა მთავარმა პროკურორმა 9 ივლისს განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება არ გადაიხედებოდა მათ შორის იმის გამოც, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ამის საშუალებას არ იძლევა.

მისი გადაწყვეტილების გასამყარებლად დასახელებულ არგუმენტებს შორის კბილაშვილმა ის გარემოებაც მოიყვანა, რომ „ლადო ბედუკაძემ ეს ვიდეო მასალა, სადაც წამების და არაადამიანური მოპყრობის კადრებია ასახული, გადასცა გასავრცელებლად 2011 წლის სექტემბერში“, ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი ოქტომბერში პოლიტიკაში მოსვლის განაცხადს გააკეთებდა.

„როდესაც ამ ადამიანმა ამ ვიდეომასალის გადაცემის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, მას აბსოლუტურად არ შეიძლებოდა ქონოდა გათვლა რაიმე პოლიტიკურ შეღავათზე, ცვლილებაზე, რაც შეიძლება ერთგვარ ქვეტექსტად აღქმულიყო იმისათვის რომ ხელსაყრელ დროს, ხელსაყრელი ნაბიჯი განახორციელა“, – განაცხადა კბილაშვილმა 9 ივლისს პრესკონფერენციაზე.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ეს ფირები წინასწარ იყო შეკვეთილი „პოლიტიკური გამოყენების მიზნით“.

„2011 წლის ზაფხულში ეს ფირები კონკრეტული ჯგუფის თუ ადამიანის და არცთუ ისე ღარიბის შეკვეთით გადაღებული –  იმიტომ რომ ამაში დიდი ფული იქნა გადახდილი – აღმოჩნდა ამ რბილად რომ ვთქვათ,  არაღარიბი ადამიანის ხელში შემდგომი პოლიტიკური გამოყენების მიზნით“, – განაცხადა სააკაშვილმა, „დღეს მთავარმა  პროკურორმა დაამტკიცა, დაადასტურა მართლაც, რომ ეს ფირები გადაეცა რაღაც ჯგუფებს 2011 წლის აგვისტოში. ეს არის ორი თვით ადრე, ვიდრე დღევანდელი პრემიერ-მინისტრი გამოაცხადებდა, რომ ის აპირებს საქართველოს ხელში ჩაგდებას“.

სააკაშვილმა ასევე ეჭვქვეშ დააყენა მთავარი პროკურორის განცხადება, რომ ბედუკაძის მიმართ გადაწყვეტილება მან დამოუკიდებლად მიიღო.

მთავარი პროკურორის გადაწყვეტილების კრიტიკის ფონზე მმართველი კოალიცია ქართული ოცნების ლიდერებმა განაცხადეს, რომ კბილაშვილის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

„მე პირადად ყოველთვის ვარ მზად, ყოველდღე, რომ ასეთი გადაწყვეტილება დადგეს და ამაში არანაირი პრობლემა არ არის“, – განაცხადა კბილაშვილმა თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.

კანონმდებლობის თანახმად, მთავარ პროკურორს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს პრეზიდენტი იუსტიციის მინისტრის წარდგინებით.

 

Back to top button