
ღარიბაშვილმა პრეზიდენტის ბრალდებებს უპასუხა
შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ბრალდებები, რომელიც დინამო არენასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებულ მისი უწყების კრიტიკას უკავშირდება, არის „ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაცია“.
8 ივლისს სააკაშვილმა მკაცრად დაგმო შსს-ის სასაზღვრო პოლიციის მიერ რუსეთის დუმის დეპუტატის, მისი თქმით, საქართველოს „მტრის“ სერგეი გავრილოვის საქართველოში შემოშვების ფაქტი, რომელიც თბილისის დინამოსა და მოსკოვის დინამოს ამხანაგურ შეხვედრაზე დასასწრებად ჩამოვიდა თბილისში და ამ ფაქტის გასაპროტესტებლად დინამო არენასთან მოწყობილი საპროტესტო აქციის სამი მონაწილის დაკავება.
ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს რუსეთის სათათბიროს ხუთი დეპუტატი სტუმრობდა.
„თუ სპორტული ღონისძიების დასასწრებად ჩამოსული რუსეთის დუმის დეპუტატი უქმნის პრობლემებს საქართველოს უსაფრთხოებას, ისმის კითხვა: რატომ არ უქმნიდა რუსეთის დუმის 5 დეპუტატი იგივე პრობლემას საქართველოს წინა ხელისუფლებას?“, – განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს, „ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები“.
მისი თქმით, ასევე „ტყუილია“ და პოლიციისადმი „შეურაცხმყოფელია“ განცხადებები, რომ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მოტივით დაკავებული სამი აქტივისტი, რომლებიც 8 ივლისს სასამართლო დარბაზიდან ისე გაათავისუფლეს, რომ მათ მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თითქოს იმის გამო დააკავეს, რომ „ისინი აგინებდნენ ან შეურაცხყოფას აყენებდნენ ოკუპანტებს“.
„ეს იყო პირდაპირი პროვოკაცია. ისინი [აქტივისტები] აგინებდნენ პოლიციელებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ ხელისუფლება არ დაუშვებს და არავის აპატიებს უსამართლოდ იმ პოლიციელების შეურაცხყოფას, რომლებიც "იბრძოდნენ აგვისტოს ომის დროს და მზად იყვნენ სიცოცხლე შეეწირათ საკუთარი სამშობლოსთვის".