ახალი ამბები

სააკაშვილს საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის შეცვლისკენ მოუწოდებენ

თორმეტი არასამთავრობო ორგანიზაცია  პრეზიდენტ სააკაშვილს მოუწოდებს გადახედოს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და საპრეზიდენტო არჩევნები ოქტომბრის თვის ერთ-ერთ კვირა დღეს დანიშნოს 31 ოქტომბრის, ხუთშაბათის ნაცვლად.

1 ივლისს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ თავდაპირველად არჩევნების თარიღად 27 ოქტომბერი, თვის ბოლო კვირა დღე განსაზღვრა, თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ ეს თარიღი შეცდომით გამოცხადდა და რომ ის 31 ოქტომბრით შეიცვალა.

იურიდიულ და პოლიტიკურ წრეებში სადაო გახდა, თუ რამდენად კანონიერია არჩევნების ხუთშაბათს დანიშვნა. 

საარჩევნო კოდექსის იმ მუხლში, რომელიც არჩევნების დღის უქმე დღედ გამოცხადებას არეგულირებს, ნათქვამია: „მორიგი არჩევნები/რეფერენდუმი/პლებისციტი, გარდა საპრეზიდენტო არჩევნებისა, შეიძლება ჩატარდეს კვირის ნებისმიერ დღეს. კენჭისყრის დღე უქმე დღეა“. თუმცა კოდექსში კონკრეტულად არ არის მითითებული, თუ რომელ დღეს ტარდება საპრეზიდენტო არჩევნები.

„მიგვაჩნია, რომ საარჩევნო კოდექსის მე-6 მუხლის სადაო ჩანაწერი საკანონმდებლო ხარვეზს წარმოადგენს და პრეზიდენტი მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში უფლებამოსილი იყო საპრეზიდენტო არჩევნების დღე თავად განესაზღვრა“,  – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო;  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; კონსტიტუციის 42-ე მუხლი; საერთო-სამოქალაქო მოძრაობა – მრავალეროვანი საქართველო; ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა; განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი; საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრი; სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი; ადამიანის უფლებათა ცენტრი და საზოგადოებრივი დამცველი.

მათი განცხადებით, არჩევნების შუა კვირაში გამართვა „საკმაოდ პრობლემურია“ მათთვის, ვინც საზღვარგარეთ ცხოვრობს  და ვისაც ქვეყნის შიგნით გადაადგილება უწევს, რათა რეგისტრაციის ადგილზე მისცეს ხმა.

„გამომდინარე იქიდან, რომ საპრეზიდენტო არჩევნების კვირა დღეს ჩატარება საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრები თანამოქალაქეების საარჩევნო უფლებების რეალიზების მნიშვნელოვან ფაქტორად მიგვაჩნია,  მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, მიიღოს შექმნილი სიტუაციიდან ყველაზე ეფექტური, მარტივი და დროული გამოსავალი და არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ საკუთარ განკარგულებაში ცვლილებების შეტანის გზით არჩევნების თარიღად ოქტომბრის თვის ერთ-ერთი კვირა დღე გამოაცხადოს“, – ნათქვამია პრეზიდენტისადმი მიმართვაში.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button