ახალი ამბები

საპრეზიდენტო არჩევნები 27 ოქტომბრის ნაცვლად, 31 ოქტომბერს ჩატარდება

დაახლოებით სამი საათის შემდეგ, რაც პრეზიდენტის პრესსპიკერმა გამოაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად 27 ოქტომბერი შეარჩია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა პრესკონფერენცია მოიწვია და განაცხადა, რომ თავდაპირველი თარიღი შეცდომით გამოცხადდა და რომ არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

„გვინდა მოგცეთ განმარტება, რომ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების თარიღად განისაზღვრა 2013 წლის 31 ოქტომბერი. დღეს ჩვენს მიერ გავრცელებული განსხვავებული ინფორმაცია გამოწვეული იყო ტექნიკური შეცდომით, რაზედაც ბოდიშს ვუხდით საზოგადოებას", – განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა.

„არჩევნების თარიღად განისაზღვრება ოქტომბრის თვის ბოლო კალენდარული დღე. პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტი უკვე გადაეგზავნა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და განთავსდა ჩვენს ვებგვერდზე", – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button