
ნაციონალურმა მოძრაობამ თბილისის საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა
პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალურმა მოძრაობამ თბილისის საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა მას შემდეგ, რაც საკრებულოში მისმა ფრაქციის თავმჯდომარემ კოკი იონათამიშვილმა პარტიის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა.
ამჟამად, ნაციონალურ მოძრაობას 47 წევრიან საკრებულოში 23 წარმომადგენელი ჰყავს (სულ საკრებულოში 50 ადგილია, მაგრამ სამი მათგანი ამჟამად ვაკანტურია) მას შემდეგ, რაც მისმა 12–ზე მეტმა წარმომადგენელმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარტია დატოვა.
მართალია საკრებულოს დარჩენილი წევრების უმეტესობა იმ ფრაქციებშია გაერთიანებული, რომლებიც ან ქართული ოცნების ნაწილია, ან სხვა მხრივაა დაკავშირებული ქართულ ოცნებასთან, მაგრამ ქართულ ოცნებას მაინც არ ყავს უმრავლესობა საკრებულოში. საკრებულოს ოთხი წევრი დამოუკიდებელი დეპუტატია, რომლებიც არც ერთ ფრაქციასთან არ ასოცირდებიან.
იონათამიშვილი, რომელიც საკრებულოში ნაციონული მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარე მას შემდეგ გახდა, რაც წინა თავმჯდომარემ ნიკოლოზ ხაჩირაშვილმა ასევე დატოვა ნაციონალური მოძრაობა წლის დასაწყისში, საკრებულობს მეხუთე დამოუკიდებელი წევრი გახდება.
იოანათამიშვილი, რომელიც 2003–2009 წლებში არასამთავრობო ორგანიზაციის „ახალი თაობა – ახალი ინიციატივა“ თავმჯდომარე იყო, 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგად თბილისის საკრებულოში არჩევამდე თბილისის მერის გიგი უგულავას ახლო მოკავშირე და მისი ადმინისტრაციის უფროსი იყო.
თავის ვრცელ განცხადებაში, სადაც ის ნაციონალური მოძრაობის დატოვების მიზეზებს ხსნის, იონათამიშვილი ნაციონალურ მოძრაობას იმის გამო აკრიტიკებს, რომ ის ვერ ასრულებს კონკრეტულ ამოცანებს, და ასევე „არ მოხდა მისი ტრანსფორმირება და განახლება“. იმავე განცხადებაში, იგი ასევე აკრიტიკებს ქართულ ოცნებას, რომელიც, მისი თქმით, ცდილობს „გაანადგუროს“ ნაციონალური მოძრაობა და ისეთ პოლიტიკას ახორციელებს, რაც იწვევს „საზოგადოების პოლარიზაციას და ამასთანავე ასეთი არაადეკვატური დამოკიდებულება ძირშივე კლავს ცივილიზებული პოლიტიკური პროცესის და დიალოგის არსებობის შესაძლებლობას“.
„[ნაციონალური მოძრაობა] საბოლოო ჯამში აღარ წარმოადგენს უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლის ინსტრუმენტს“, – წელს იონათამიშვილი განცხადებაში 1 ივლისს, „პარტიის ხელმძღვანელობის მხრიდან დაშვებულმა სავალალო შეცდომებმა აბსოლუტურად შეუძლებელი გახადა ზოგადი თუ კონკრეტული ამოცანების მიღწევისათვის პარტიული პლატფორმის გამოყენება“.
„დღეისათვის "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ვერ ხერხდება ვითარების სწორი შეფასება და შესაბამისი ქმედებები. 19 აპრილს დაანონსდა ახალი ეროვნული მოძრაობის დაფუძნება. ნაცვლად იმისა, რომ დავახლოებოდით ყველა ევროპული ფასეულობის მქონე პარტიასა თუ სამოქალაქო ჯგუფს (რაც ცხადია რთული პროცესი იქნებოდა), მივიღეთ კიდევ უფრო მეტად ჩაკეტილი პარტიული ორგანიზმი, რომელიც გაუგებარი ინსტიქტებით მოქმედებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
იგი ასევე აცხადებს, რომ თბილისის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის წევრები და ასევე თბილისის მერიის თანამშრომლები „აბსოლუტურად უსამართლო პოლიტიკური დარტყმების და შეფასებების მსხვერპლი ხდებიან“. „ამ ადამიანებს, არაფერი არ აქვთ საერთო არც დაშვებულ შეცდომებთან და დანაშაულებებთან და სამწუხაროდ არც დღეს არსებულ პარტიულ მმართველობასთან, ხოლო მათ მიმართ განხორციელებული პოლიტიკური დევნა როგორც სამართლებრივ, ასევე ელემენტარული გონიერების ჩარჩოებს ცილდება“, – წერს იონათამიშვილი.
თავის გაცხადებაში იგი ასევე ეხება წამების ამსახველ ვიდეოებს და უკანონო თვალთვალით მოპოვებული ვიდეოჩანაწერების დიდ არქივს და აცხადებს, რომ მიუხედავად ბევრი მნიშვნელოვანი მიღწევისა, რაც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს გახდა შესაძლებელი, „მეტად თუ ნაკლებად დახურული“ ინსტიტუციები ჩამოყალიბდა, რამაც „ამა თუ იმ გადაცდომის ან თუნდაც დანაშაულის ჩადენა შესაძლებელი გახადა“.
იონათამიშვილმა ქართული ოცნების საშინაო და საგარეო პოლიტიკაც გააკრიტიკა და განაცხადა: „ქართულ ოცნებაში ინტელექტუალური და პოლიტიკური რესურსის აშკარა დეფიციტია, მათ არ ძალუძთ გაუმკლავდნენ ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს“.
თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ის პატივს სცემს მისი „ახლო კოლეგის და მეგობრის“ იონათამიშვილის გადაწყვეტილებას, თუმცა მიიჩნევს, რომ მან „არასწორი“ გადაწყვეტილება მიიღო.
„ვთვლი, რომ მან შეიძლება მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო და აქედან სარგებელი ნახოს; ასევე ვთვლი, რომ ასეთ ვითარებაში ეს საქციელი თუნდაც მეგობრული, თუნდაც კოლეგიალური კუთხით არასწორი და რბილად რომ ვთქვათ მორალთან მწყრალია“, – განუცხადა უგულავამ ჟურნალისტებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)