
უსუფაშვილი ლონდონში შეხვედრებს მართავს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, რომელიც ლონდონში ვიზიტით იმყოფება, გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის თავმჯდომარეს ჯონ ბერკოუს შეხვდა.
უსუფაშვილის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრები გამართა ბრიტანეთის პარლამენტის რამდენიმე წამყვანი კომიტეტის, მათ შორის საგარეო საქმეთა და საიდუმლო სამსახურისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეებთან, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ჰიუ ბეილისთან, დიდი ბრიტანეთის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან მარკ რეკლესთან, ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დიდი ბრიტანეთის დელეგაციის ხელმძღვანელთან რობერტ ვოლტერთან.
„მთავარი სათქმელი, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ის, რომ საქართველო იმსახურებს სერიოზულ წინსვლას ევროპული ინტეგრაციის გზით და ნატოსთან ინტეგრაციის გზით. ჩვენ ვთხოვეთ კოლეგებს, რომ კიდევ ერთხელ ყურადღება არ მოაკლონ ჩვენს რეგიონს, ჩვენ ქვეყანას და მათგან მივიღეთ სრული მხარდაჭერა“, – განაცხადა უსუფაშვილმა 19 ივნისს.
მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში 20 ივნისს დაგეგმილია ასევე დავით უსუფაშვილის სიტყვით გამოსვლა ლონდონში არსებულ კვლევით ცენტრ Chatham House-ში, სადაც ის ახალი მთავრობის მიერ გაწეულ საქმიანობასა და მის წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრებს.