ახალი ამბები

ანტიტერორისტული ცენტრის მიერ დაკავებულ ორ პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და მიკაილ კადიევსა და რიზვან ომაროვს დაღესტნიდან, რომლებიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიტერორისტულმა ცენტრმა 13 ივნისს დააკავა, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

13 ივნისს მათი დაკავების შემდეგ შსს-მ განაცხადა, რომ სამინისტროს ანტიტერორისტულმა ცენტრმა "ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა მომზადების სტადიაზე აღკვეთა".

თუმცა, კადიევს და ომაროვს ტერორიზმთან დაკავშირებული ბრალდებები არ წაუყენეს.

ორივე მათგანს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლით წაუყენეს ბრალი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას ეხება და ჯარიმას ან ექვსი თვიდან სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სასამართლოსთვის წარდგენილი ბრალდების თანახმად, ბრალდებულებმა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს 9 მმ კალიბრის მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, ამავე კალიბრის 8 ცალი ვაზნა, 83 გრამი ჰექსოგენის შემცველი ფეთქებადი ნივთიერება, 25 ცალი ელექტროდეტონატორი, რაც მათი დაკავების დროს თბილისში მდებარე დროებითი საცხოვრებელი ბინიდან იქნა ამოღებული. გამოძიების თქმით, ერთ–ერთ დაპატიმრებულს, კადიევს, ასევე აღმოაჩნდა ყალბი პასპორტი.

ბრალდების მხარე ორივე პირისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, ხოლო დაცვის მხარე – 5 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას.

თბილისის საქალაქო სასამართლომ განაცხადა 15 ივნისს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულებს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა ედებათ ბრალად, მოსამართლემ საჭიროდ ჩათვალა პროკურატურის შუამდგომლობის დაკმაყოფილება, ვინაიდან არსებობს ბრალდებულების მიმალვის საფრთხე.

სასამართლოს მიერ საქმის წინასწარი მოსმენა  31 ივლისს არის ჩანიშნული. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button