Placeholder canvas
ახალი ამბები

პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი წევრი აირჩია

პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში კენჭისყრის მეორე ტურში საბჭოს ოთხი ახალი წევრი აირჩია, ხოლო არამოსამართლე წევრებისათვის განკუთვნილი ექვსი ადგილიდან ორი ადგილი ვაკანტური დარჩა.

იუსტიციის საბჭოს ახალი წევრები გახდნენ: გოჩა მამულაშვილი – წარმდგენი კავკასიის უნივერსიტეტი (82 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი); ევა გოცირიძე – საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი (92 მომხრე არცერთი წინააღმდეგი); ვახტანგ თორდია – საზოგადოებრივი პროგრამების ფონდი (91 მომხრე 2 წინააღმდეგი); კახაბერ სოფრომაძე – თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაცია (91 მომხრე 1 წინააღმდეგი).

ამ კანდიდატებმა ყველაზე მეტი ხმები მიიღეს იმ 12 პრეტენდენტს შორის, ვინც 12 ივნისს ჩატარებული პირველი კენჭისყრის შედეგად მეორე ტურში გადავიდნენ.

პირველ ტურში მონაწილეობა იურისტთა აკადემიური წრეების, იურიდიული პროფილის, სასამართლოში მუშაობის გამოცდილების მქონე არასამთავრობო  ორგანიზაციების და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ წარდგენილმა სულ 29 კანდიდატმა მიიღო, თუმცა ვერცერთმა ვერ დააგროვა პირველივე ეტაპზე იუსტიციის საბჭოს წევრად არჩევისთვის საჭირო ხმათა ორი მესამედი – კვორუმი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების მხარდაჭერის გარეშე ვერ მიიღწევა არსებულ პარლამენტში. მეორე ტურში ოთხი წევრის არჩევა სრული შემადგენლობის უმრავლესობით ანუ მინიმუმ 76 ხმით იყო შესაძლებელი.

ნაციონალურმა მოძრაობამ პირველი ტურის მსგავსად, კენჭისყრის არც მეორე ტურში მიიღო მონაწილეობა. დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება განაპირობა იმან, რომ ვერ მოხერხდა კანდიდატურებზე ერთიანი პოზიციის შეჯერება ქართული ოცნების უმრავლესობასთან, რადგან, მისი თქმით, ოპონენტებმა არ ისურვეს თანამშრომლობა. ამ განცხადების შემდეგ უმცირესობის დეპუტაციამ სხდომათა დარბაზი დატოვა კენჭისყრის დაწყებამდე.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ორი ვაკანტური ადგილის შესავსებად ახალი კონკურსი გამოცხადდება. 

კანონმდებლობის მიხედვით, დარჩენილი ორი არამოსამართლე წევრი მხოლოდ იმ შემთხვევაში აირჩევა, თუ პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ის ანუ სულ ცოტა 100 დეპუტატის მხარდაჭერას მოიპოვებს.

დღეის მდგომარეობით 15-წევრიანი იუსტიციის საბჭო – ორგანო, რომელიც სასამართლო სისტემას კურირებს, დაკომპლექტებულია სულ 13 წევრით, მათ შორის პარლამენტის მიერ ახლადარჩეული ოთხი წევრით, 9 ივნისს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული შვიდი მოსამართლე წევრით. თანამდებობრივად საბჭოს წევრია ასევე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი და ერთი მოსამართლე წევრი, რომელმაც ადგილი იმის გამო შეინარჩუნა, რომ დაკომპლექტების ახალი წესებით დადგენილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ძირითადი გადაწყვეტილებები, როგორიცაა დისციპლინარული საკითხები და ახალი მოსამართლეების დანიშვნა, სრული შემადგენლობის 2/3-ით ანუ 10 ხმით მიიღება. სხვა საკითხებთან დაკავშირებით საბჭო გადაწყვეტილებებს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით იღებს.
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button