skip to content
ახალი ამბები

პარლამენტმა პრეზიდენტის კიდევ ერთი ვეტო დაძლია

პარლამენტმა  92 ხმით 33–ის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო 14 ივნისს დაძლია.

პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად სულ ცოტა 90 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. 

მართალია პრეზიდენტმა თავის შენიშვნებში აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული ცვლილებები ზოგადად მეტ გარანტიებს უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრობითობისა და თანასწორობისთვის, მაგრამ მან იმ ორი დებულების გამო, რომელიც ადვოკატთა უფლებებს ეხება, ვეტოს უფლება გამოიყენა.

კანონპროექტი ითვალისწინებს დებულებას, რომლის თანახმადაც ადვოკატს აქვს უფლება სასამართლოს ნებართვით ჩაატაროს ჩხრეკა-ამოღების საგამოძიებო მოქმედებები – არსებული საპროცესო კოდექსი დაცვის მხარეს ამგვარ უფლებამოსილებას არ ანიჭებს. ადვოკატს მტკიცებულებების ამოღებისა და ჩხრეკის უფლებას აძლევს პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები, თუმცა იმ დათქმით, რომ ამ ახალი დებულების ამოქმედება 2014 წლის პირველი სექტემბრიდან უნდა მოხდეს. თავის შენიშვნებში პრეზიდენტი მოუწოდებდა პარლამენტს, რომ ამ „მნიშვნელოვანი სიახლის“ ძალაში შესვლის თარიღად 2013 წლის პირველი სექტემბერი დაედგინა.

კანონპროექტის მეორე საკითხი, რომლის მიმართაც პრეზიდენტმა ვეტოს უფლება გამოიყენა, ეხებოდა 2014 წლის პირველი სექტემბრიდან დაცვის საგამონაკლისო უფლების გაუქმებას, რომელსაც მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს და რომლის მიხედვითაც „დაცვის მხარის მიერ ერთი ისეთი მტკიცებულების წარუდგენლობა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი დაცვის უზრუნველსაყოფად, არ იწვევს სასამართლოში საქმის არსებით განხილვაზე ამ მტკიცებულების დაუშვებლობას“.  ამ მუხლის გაუქმება პრეზიდენტს „დაუშვებლად“ მიაჩნდა, ვინაიდან, მისი აზრით, ეს შეასუსტებს დაცვის მხარეს და სანაცვლოდ სთავაზობდა, რომ ადვოკატს სასამართლო პროცესის არსებითი განხილვის ეტაპზე კვლავაც ჰქონოდა უფლება წარედგინა მისთვის ღირებული მტკიცებულება.

პრეზიდენტის შენიშვნები ადვოკატთა ასოციაციის შენიშვნებს ეხმიანებოდა რომელიც მოუწოდებდა პარლამენტს არ დაეძლია ვეტო.

This post is also available in: English Русский

Back to top button