ახალი ამბები

გაეროს გენასამბლეამ საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირებზე რეზოლუცია მიიღო

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 13 ივნისს საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია მიიღო, რომელიც კიდევ ერთხელ აღიარებს ყველა დევნილის და ლტოლვილის უფლებას დაბრუნდნენ სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

რეზოლუციას მხარი 63–მა ქვეყანამ დაუჭირა 16–ის წინააღმდეგ; 84–მა კი თავი შეიკავა.

ეს უკვე მეექვსე შესასრულებლად არასავალდებულო რეზოლუციაა, რომელსაც გაეროს გენერალური ასამბლეა ყოველწლიურად იღებს 2008 წლის შემდეგ.

გასულ წელს ანალოგიურ რეზოლუციას მხარი 60–მა ქვეყანამ დაუჭირა 15–ის წინააღმდეგ; 82–მა კი თავი შეიკავა.

13 ივნისს რეზოლუციის სასარგებლოდ რეგისტრირებული ხმების რაოდენობამ 62 შეადგინა, თუმცა კენჭისყრის შემდეგ აზერბაიჯანის წარმომადგენელმა ითხოვა, რომ სწორედ ყოფილიყო რეგისტრირებული მისი ხმა რეზოლუციის სასარგებლოდ, რადგანაც ტექნიკური პრობლემების გამო ის ეკრანზე არ გამოჩნდა. 

რუსეთი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა საქართველოს მიერ ინიცირებულ ამგვარ რეზოლუციებს, აცხადებდა რა, რომ დევნილთა საკითხის მოგვარება გაეროს გენერალური ასამბლეის საშუალებით კონტრპროდუქტიულია. რუსეთის წარმომადგენელმა განაცხადა 13 ივნისს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამართული დებატების დროს, რომ რეზოლუციის ტექსტი „უკიდურესად პოლიტიზირებულია“ და „არსებულ გეოპოლიტიკურ რეალობებს“ არ ასახავს.

მოსკოვი ასევე აცხადებდა, რომ თუ საქართველოს ამ საკითხის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დაყენება სურს, სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლებსაც უნდა მიეცეთ შანსი, რომ მონაწილეობა მიიღონ ამგვარ დისკუსიებში გაეროში, რის წინააღმდეგაც საქართველო ყოველთვის გამოდიოდა.

2012 წლის რეზოლუციის თანახმად, გაეროს გენერალურმა მდივანმა გენერალურ ასამბლეას წარუდგინა ანგარიში „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო, ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების სტატუსის შესახებ“. რეზოლუცია მოუწოდებდა გენერალურ მდივანს ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების გრაფიკი შემუშავებულიყო. 2013 წლის რეზოლუციაც ანალოგიურ მოწოდებას შეიცავს.

„სანამ არ შესრულდება პირობები ორგანიზებული დაბრუნებისთვის უსაფრთხო და ღირსეული გზით და არ შეიქმნება ქონების რესტიტუციის მექანიზმები, დაბრუნების ყოვლისმომცველი გრაფიკის ან საგზაო რუკის თემა ღია უნდა დარჩეს“,  – ნათქვამია გენერალური მდივნის ანგარიშში.

საქართველო აცხადებს, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაში ამ რეზოლუციის ყოველწლიური ინიცირება მიზნად ისახავს ამ საკითხისადმი საერთაშორისო ყურადღების გამახვილებას და რეზოლუციის მიმართ მხარდაჭერის გაფართოებას ყოველ მომდევნო წელს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button