skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მრავალთვიანი პაუზის შემდეგ, 11 ივნისს საღამოს უკვე მეორედ გამართა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა, სადაც მთავარი განსახილველი საკითხები იყო 6 ივნისს ავღანეთში ქართველ სამხედროებზე განხორციელებული მსხვერპლიანი თავდასხმა და თალიბანის სახელით გავრცელებული მუქარის შემცველი ვიდეო-რგოლების თემა.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 5 ივნისს გამართული პირველი ასეთი შეკრების მსგავსად, საბჭოს სხდომას პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არც ამჯერად დასწრებია. მან 11 ივნისს განაცხადა, რომ დღის წესრიგის არცერთი საკითხი მისთვის არ არის „ამ ეტაპზე საინტერესო, რომ მე ამ შეკრებაზე წავიდე“.

მთავრობიდან უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობა მიიღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ – ეს ორი უკანასკნელი წინა სხდომას ვიზიტებში ყოფნის გამო არ დასწრებია; სხდომას ასევე ესწრებოდნენ გაერთიანებული შტაბის უფროსი ირაკლი ძნელაძე და მისი მოადგილე ვახტანგ კაპანაძე; დაზვერვის სამსახურის უფროსი გელა ბეჟუაშვილი; უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია მოადგილეებთან ერთად; საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე და ვიცე-სპიკერი ნაციონალური მოძრაობიდან გია ბარამიძე; თბილისის მერი გიგი უგულავა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრო ბარნოვი.

„ეს ძალიან პოზიტიური მოვლენაა, რომ უშიშროების საბჭოს სხდომები განახლდა“, – განაცხადა სააკაშვილმა სხდომის დახურვამდე გაკეთებულ თავისი შესავალი სიტყვის დასაწყისში.

მისი თქმით, ხელისუფლებაში მყოფ ძალებს შორის არსებული განსხვავებების მიუხედავად,  „ჩვენ არ შეიძლება განვსხვავდებოდეთ მთავარ საკითხებში – ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, უსაფრთხოება, ჩვენი ქვეყნის დაცულობა ყველასთვის ერთნაირად საზრუნავია და ყველასთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია“.

„აქედან გამომდინარე უშიშროების საბჭო არის ზუსტად ის ფორმატი და თქვენ ალბათ დარწმუნდით ისინი, ვინც იყავით წინა სხდომაზე, რომ ამ ფორმატში, დახურულ კარს მიღმა ბევრი საკითხი ბევრად უფრო ადვილად წყდება, ძალიან ბევრ საინტერესოს ვიგებთ ყველანი ერთმანეთისგან, ერთმანეთს ვაგებინებთ და ვუზიარებთ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება იყოს საინტერესო და საბოლოო ჯამში, ეს წაადგება ქვეყნის უსაფრთხოებას და ასევე ხელს შეუწყობს საქმიან ატმოსფეროს, მიუხედავად ზოგადი პოლიტიკური დავებისა და ურთიერთბრალდებებისა, მათ შორის და ასევე ზოგადი პოლიტიკური კონკურენციისა“, – განაცხადა მან.

სააკაშვილმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით აზრების „გულწრფელი გაცვლა-გამოცვლა“ იქნებოდა მონაწილეებს შორის.  

„მე ვფიქრობ ეს არის ის ფორმატი, სადაც ყველანი უნდა დავდგეთ რაღაც პიროვნული ემოციების, ანტიპათიების, თუნდაც პიროვნული ზიზღის და დაპირისპირების ზემოთ იმიტომ, რომ საქმე ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას“, – განაცხადა მან. 

„ჩვენ იმედია, რომ ზუსტად ამ სტილით ვიმუშავებთ, იმედია, რომ შემდეგი შეხვედრები უფრო წარმომადგენლობითიც იქნება იმიტომ, რომ ჩვენ პიროვნულზე ზემოთ დგას ქვეყანა და მისი ინტერესები“, – აღნიშნა სააკაშვილმა თავისი გამოსვლის ბოლოს, რომლის ვიდეო-ჩანაწერიც მისმა ადმინისტრაციამ გაავრცელა და რომელშიც ახლო კადრით იყო ნაჩვენები ბიძინა ივანიშვილისთვის განკუთვნილი ადგილი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button