skip to content
ახალი ამბები

ფანჯიკიძე გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ მდივანს ბან კი მუნს შეხვდა.

შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ საქართველოს რეზოლუციის განხილვამდე ერთი კვირით ადრე გაიმართა. გაეროს გენერალური ასამბლეა რეზოლუციას, რომლის ინიცირებასაც თბილისი 2008 წლის შემდეგ ყოველწლიურად ახდენს, 13 ივნისს განიხილავს.

ფანჯიკიძემ იმედი გამოთქვა, რომ წელს რეზოლუცია მეტ მხარდაჭერას მოიპოვებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ფანჯიკიძემ გაეროს გენერალურ მდივანს „ინფორმაცია მიაწოდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ბოლო დღეებში მიმდინარე პროცესებზე“, რომლის ფარგლებშიც რუსი სამხედროები სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მავთულხლართებს ავლებენ და რის შედეგადაც, როგორც თბილისი აცხადებს, საოკუპაციო ხაზმა ბევრ ადგილას საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში გადმოიწია.

„საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერირორიებზე არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებას“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

„საქართველოს სააგრეო საქმეთა მინისტრმა და გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ისაუბრეს ჟენევის დისკუსიებზე. ბან კი მუნი საქართველო-რუსეთს შორის დიალოგის – კარასინ-აბაშიძის ფორმატით და ამ მოლაპარაკებების მიმდინარეობით დაინტერესდა“, – ნათქვამია განცხადებაში. 

მსგავსი/Related

Back to top button