ახალი ამბები

მთავარი პროკურორი ლაფანყურის სპეცოპერაციის გამოძიების შესახებ

მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეზე, რაც „პოლიტიკურ შემადგენელს შეიცავს“, გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და მისი შედეგები „სკურპულოზური და ზედმიწევნით ზუსტი“ უნდა იყოს.

მისი ინფორმაციით, 2012 წლის აგვისტოში ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ ამ სპეცოპერაციას, რომლის დროსაც მომხდარ შეიარაღებულ შეტაკებას ქართული სპეცსამსახურების 3 წარმომადგენელი და შეიარაღებული დაჯგუფების 11 წევრი ემსხვერპლა, შსს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი პროკურატურის ზედამხედველობის ქვეშ იძიებს. 

„ვინაიდან საკითხს გააჩნია პოლიტიკური შემადგენელიც, სანამ აბსოლუტურობის სიზუსტით არ იქნება დადგენილი, არათუ 99%-ის, არამედ 100%-ის სიზუსტით არ იქნება დადგენილი ესა თუ ის ფაქტი და ყველა ფაქტი აქ პოლიტიკური ელემენტის შემცველია, მანამ სამართალდამცავი ორგანოები მოერიდებიან რაიმე ინფორმაციის გავრცელებას და ფაქტის დადგენას“, – განაცხადა კბილაშვილმა 4 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, გამოძიება ამოწმებს იმ ვერსიასაც, რომელიც სახალხო დამცველმა ლაფანყურის სპეცოპერაციის შესახებ თავის ანგარიშში ასახა, სადაც განაცხადა, რომ  ინციდენტის შესწავლისას გამოვლენილი ფაქტები მიუთითებენ, რომ შეტაკებაში მონაწილე შეიარაღებული დაჯგუფება საქართველოს შსს-ის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ჩამოაყალიბა, აღჭურვა და გაწვრთნა.

განსხვავებით სახალხო დამცველის აპარატისგან, რომელიც, კბილაშვილის თქმით, არ არის სამართალდამცავი ორგანო და შეუძლია წყაროზე მითითების გარეშე მოიყვანოს ფაქტები,  გამოძიებას დასაბუთებულობის მეტი ვალდებულება აკისრია.

„რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს სახალხო დამცველის პოზიციის დაუსაბუთებლობას, უბრალოდ გასხვავების სპეციფიკას ვუსვამ ხაზს“, – განაცხადა მან, „ამიტომ, ვინაიდან ყველა წყარო, რომლისაგანაც ინფორმაციას ვიღებთ, უნდა იყოს მტკიცებულების დონეზე გამყარებული,  ვინაიდან ურთიერთსაპირისპირო მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში უნდა მოხდეს გადამოწმება კიდევ სხვა წყაროებთან, ვინაიდან თემას გააჩნია პოლიტიკური შემადგენელიც, რაც მომეტებულ სიფრთხილეს საჭიროებს, ეს განაპირობებს იმას, რომ ჩვენ მეტი დრო გვეხარჯება ამ საქმის გამოძიების დროს, მაგრამ ეს არ არის გამოძიების დაუსრულებლობის წინაპირობა. გამოძიება აუცილებლად დასრულდება და კონკრეტული შედეგი დაიდება“.

„როდესაც ჩვენთვის ცნობილი იქნება შედეგები, მაშინ ჩვენ სრული გახსნილობით, დასაბუთებულობით ვიტყვით რა მოხდა და ვინ იმხილება აი ამ ოპერაციაში“, – დასძინა კბილაშვილმა.

Back to top button